
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთის საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის დაწყებას დიდი ზარ-ზეიმით შეხვდა.
საბაზო, მცირეკონტიგენტიან სკოლაში სულ 7 მოსწავლე სწავლობს, ამიტომ მოსწავლეთა დაბრუნება და მათი ჟრიამული აქ გამორჩეულად ახარებთ. ყოველი ახალი სასწავლო წლის დაწყებას სასკოლო საზოგადოება სიხარულით ხვდება და ბავშვებს დღეს ულამაზებს.
წელსაც, ტრადიციულად, დირექტორი ვასილ ნიკოლაიშვილი და პედაგოგები მოსწავლეთა დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ. ლამაზად მორთულმა სასკოლო სივრცემ, გულთბილმა საზეიმო მიღებამ და ლამაზმა ღონისძიებამ ბავშვებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქა.
მოსწავლეებმა არაერთი საზეიმო ნომერი წარმოადგინეს. თავი გამოიჩინეს პატარებმაც - წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს და სიხარულით ჩაერთნენ სასწავლო პროცესში.
აღსანიშნავია, რომ ზემოხეთის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ. ამის ნათელი მაგალითია, სათხუთმეტსექტემბრო მიღებაც. მართალია, სასწავლო წელი უკვე მესამე კვირაა დაიწყო, მოსწავლეებს ამ დღის ემოციები დღემდე მოჰყვებათ.
იხილეთ ვიდეო