
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ცოდნისკარის საჯარო სკოლა წლებია დგას მოსწავლეთა განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგები, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავენ, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და მათ, საგნობრივი ცოდნის გადაცემის პარალელურად, ისეთ საგანმანათლებლო აქტივობებს სთავაზობენ, რომლებიც მიღებული ინფორმაციის გადააზრებაში, სიღრმისეულად გაანალიზებაში დაეხმარება.
ახლახან, ცოდნისკარის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა, დამრიგებლის, ცისანა ბოლაშვილის ხელმძღვანელობით, „პინოქიო“ გაიცნეს - ისაუბრეს მთავარი გმირის შესახებ, საკუთარი ხელით შექმნეს თემატური ნამუშევრები, მოირგეს მისი როლი, შემდეგ კი წერილი მიწერეს, სადაც მეგობრულად ურჩევდნენ კარგად მოქცევას.
„კარგი ყოფაქცევა და კეთილი გული ადამიანს ყველაზე დიდ ადამიანად აქცევს!“ - ეს ჭეშმარიტება, ცოდნისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელი ცისანა მასწავლებლის დამსახურებით შეიმეცნეს; მათ იციან, რომ კარგი ყოფაქცევა განსაზღვრავს ადამიანობას და ისიც იციან, რომ მათი წარმატებები სწორედ აქ, ცოდნისკარის საჯარო სკოლაში იწყება.