
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ბავშვები, რომელთა საოკუპაციო ხაზიდან გატაცების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა, უკვე თავისუფლები არიან.
მანამდე მედიასაშუალებით, გახდა ცნობილი, რომ საოკუპაციო ხაზიდან ქარელის რაიონის, სოფელ თამარაშენიდან, ოკუპანტებმა 5 არასრულწლოვანი გაიტაცეს.
ერთ-ერთი ბავშვის მამამ, ბესო სიდამონიძემ განაცხადა, რომ გატაცებულთა ასაკი 10 წელს არ აღემატება. ბავშვები სოფელ თამარაშენში სათამაშოდ იყვნენ.
„ქარელის რაიონში სოფელ თამარაშენში ბავშვები იყვნენ ამოსულები, თამაშობდნენ, საოკუპაციო ხაზთან ჩვენს ტერიტორიაზე. გაიტაცეს ბავშვები. რუსები იყვნენ თუ ოსები ამას ვერ დაგიდასტურებთ. საშინელ მდგომარეობაში ვართ, თუ ვინმეს მიუწვდება ხმა საელჩოებთან ან თვითაღიარებულ რესპუბლიკასთან გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ლაპარაკია 10 წლის ბავშვებზე, მოგვხედეთ, გთხოვთ“,- განაცხადა მან.
ბესო სიდამონიძემ მოგვიანებით დაადასტურა, რომ ბავშვები საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.
მომხდართან დაკავშირებით სუს-მა მედიასაშუალებებს განუცხადა, რომ ბავშვები უკვე უსაფრთხოდ არიან. უწყების განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.