
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სორის საჯარო სკოლაში კიდევ ერთხელ საზეიმოდ დაირეკა სასწავლო წლის დაწყების მაუწყებელი ზარი.
15 სექტემბერს სკოლაში დიდი დღესასწაული იყო. მოსწავლეთა განწყობასა და მოტივაციაზე დირექციამ და პედაგოგებმა იზრუნეს და ბავშვებს ზღაპრულად მორთული სასკოლო გარემო დაახვედრეს.
საგანგებოდ მორთულ-მოკაზმულმა საკლასო ოთახებმა და ლამაზმა ღონისძიებამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.
წელს სკოლის კარი ერთმა პირველკლასელმა შეაღო, რომელსაც სასკოლო საზოგადოება დიდი სიხარულით დახვდა.
დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს დიდი სიყვარულით მიმართეს, სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს.
„სორის საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! განსაკუთრებულად ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელს ზურაბ მახათაძეს რომელმაც დღეს პირველად შემოაღო სკოლის კარი. წარმატებებს ვუსურვებთ ყველა მოსწავლეს, მშობელსა და პედაგოგს!“,- აღინიშნა სკოლაში.