
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეთა ხარისხიან განათლებასა და წარმატებულ მომავალზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
ახლახან, სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგის - განგა ჭუჭუხაშვილის ღვაწლი და შრომა საზეიმოდ აღინიშნა.
პედაგოგი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა დააჯილდოვა.
სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური პედაგოგს დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავს.
„დიდი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების განხორციელებისათვის.
ვულოცავ ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელს ქალბატონ განგა ჭუჭუხაშვილს ხუთეულში ღირსეული ადგილის დაკავებას და ასევე ყველა პედაგოგს და სკოლას ასეთ მნიშვნელოვან მიღწევას.
წარმატებებს და წინსვლას ვუსურვებთ თითოეულ მათგანს, ვულოცავ სკოლას და სკოლის საზოგადოებას.
დედოფლისწყაროს რესურსცენტრის ხელმძღვანელობას და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას ვუსურვებ წარმატებებს და კიდევ მრავალი პედაგოგის დაჯილდოებას ჩვენს მუნიციპალიტეტში.
სამთაწყაროს საჯარო სკოლა ამაყობს ქალბატონი განგა ჭუჭუხაშვილის ღვაწლმოსილი პედაგოგის რიგებში ყოფნით“,- აღნიშნავს დირექტორი.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
სიტყვით გამოსვლისას ლევან ღირსიაშვილმა ხაზი გაუსვა მასწავლებელთა უმნიშვნელოვანეს როლს მომავალი თაობების აღზრდის საქმეში და სამინისტროს სახელით მათი პროფესიის მიმართ პატივისცემა, მადლიერება და მხარდაჭერა გამოხატა.
პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოება ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. დასკვნითი ღონისძიება კი 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება.