
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესი დამტკიცდა, რომლითაც განისაზღვრა, ვის ექნება წვდომა აღნიშნულ რესურსზე.
გარდა ამისა, მინისტრის ბრძანებაში გაწერილია პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ ელექტრონულ ჟურნალში განსახორციელებელი აქტივობები.
პროფესიული განათლების მასწავლებელი ვალდებულია:
ა) ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად აწარმოოს ელექტრონული ჟურნალი;
ბ) ელექტრონულ ჟურნალში ასახოს ინფორმაცია პროფესიული სტუდენტის სასწავლო პროცესზე დასწრების შესახებ, დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ვადებში;
გ) ჩანიშნოს მოდულის შესაბამისი სწავლის შედეგის დადასტურების თარიღი, აღნიშნული თარიღის დადგომამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე;
დ) განსაზღვროს შეფასების ინსტრუმენტი;
ე) შესაბამისი სწავლის შედეგების შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით, თითოეული პროფესიული სტუდენტის მიმართ მონიშნოს სწავლის შედეგის დადასტურება ან სწავლის შედეგის არდადასტურება და უზრუნველყოს შეფასების უწყისის ფორმირება დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ვადებში;
ვ) დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ვადებში პროფესიული სტუდენტის ელექტრონულ პორტფოლიოში ასახოს პროფესიული სტუდენტის პროგრესის ამსახველი მტკიცებულებები;
ზ) ელექტრონულ ჟურნალში, მის მიერ არასწორად ასახული აღრიცხვის/შეფასების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთებით მიმართოს დაწესებულებას არასწორად ასახული აღრიცხვის/შეფასების გაუქმების მოთხოვნით.
პროფესიული განათლების მასწავლებელი უფლებამოსილია:
ა) პროფესიული სტუდენტის მიერ სწავლის შედეგის დადასტურების საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში კალენდარში განსაზღვროს დადასტურების აღდგენის ვადა;
ბ) ელექტრონულ ჟურნალში ატვირთოს მოდულთან დაკავშირებული სასწავლო რესურსები;
გ) ელექტრონული ჟურნალის შეტყობინებების გვერდიდან („ჩატი“) გაუგზავნოს შეტყობინება პროფესიულ სტუდენტს.