„45 წლის თავდაუზოგავი შრომის, სიყვარულისა და ერთგულების დაფასება“ -თბილისის N133 სკოლის ღვაწლოსილი პედაგოგი განათლების სამინისტრომ დააჯილდოვა
24-09-2025

თბილისის N133 საჯარო სკოლის მოსწავლეთა განათლებაზე, წარმატებულ მომავალსა და მოტივირებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. 

ერთ-ერთი ასეთი წარმატებული პედაგოგია ლია სულიკაშვილი, რომელიც ოთხ ათეულ წელზე მეტია მომავალი თაობის განათლებას ემსახურება. 

ახლახან, პედაგოგის ღვაწლი და დამსახურება საზეიმოდ აღინიშნა. მასწავლებელი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დააჯილდოვა.

სკოლის დირექტორი ლიანა ფუტკარაძე ლია სულიკაშვილს დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავს. 

„45 წლის თავდაუზოგავი შრომის, სიყვარულისა და ერთგულების დაფასება

გილოცავთ, ღვაწლმოსილო პედაგოგო! თქვენი გზა არის ნათელი მაგალითი მომავალი თაობებისთვის ! მადლობა მასწავლებელო, მადლობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, მადლობა ნაძალადევის რაიონის გამგეობა, ამაგდარი პედაგოგების ღვაწლის დაფასებისთვის! 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, ნაძალადევის რაიონის გამგებელთან, ირაკლი ანდღულაძესთან ერთად, ნაძალადევის რაიონის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.

ღონისძიების ფარგლებში პედაგოგებს მადლობის სიგელებთან ერთად სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. მათ შორის იყვნენ მასწავლებლები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში წარმატებით ასრულებენ საკუთარ მისიას და არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავთ აღზრდილი“,- წერს სკოლის ხელმძღვანელი. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება, ხოლო დასკვნითი ღონისძიება 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება.

პედაგოგთა დაჯილდოება ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. აღნიშნული ინიციატივა პედაგოგთა წახალისებას, მათი შრომის აღიარებასა და ღვაწლის დაფასებას ემსახურება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203