„ხელმძღვანელმა, მოსწავლე-მასწავლებლებს უნდა მისცეს მოტივაცია, მნიშვნელოვანია, იყოს მათი მეგობარი“ - კოჩიოს საჯარო სკოლის დირექტორი არტურ ბალასანიანი
17-09-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის განსაკუთრებულ სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს.

მიუხედავად იმისა, რომ წელს მოსწავლეთა რაოდენობამ იკლო, დირექტორი არტურ ბალასანიანი და პედაგოგიური საზოგადოება მორიგ სასწავლო წელს მომზადებული, ამაღლებული განწყობითა და დიდი შემართებით შეხვდნენ. 

პირველკლასელებს სკოლაში საზეიმოდ მორთული გარემო დახვდათ -  კომპიუტერები, სახელმძღვანელოები, სკოლის სახელით გაკეთებული სამახსოვრო საჩუქრები პატარებისადმი სითბოსა და სიყვარულის გამომხატველ ლამაზ ჟესტად იქცა. 

აღსანიშნავია, რომ წელს სკოლაში სულ 69 მოსწავლე ირიცხება, მათგან 4 პირველკლასელია, როგორც სკოლის დირექტორი გვეუბნება შარშანდელთან შედარებით მოსწავლეთა რაოდენობამ იკლო, რის გამოც წუხს და აღნიშნავს, რომ მცირეკონტიგენტიან სკოლაში ახალი თაობის მიღება ყოველთვის დღესასწაულია. 

„ყოველი ახალი სასწავლო წლის დაწყებას მომზადებულნი და ამაღლებული განწყობით ვხვდებით, ვაწყობთ ღონისძიებას, პირველკასელებისთვის, საზეიმოდ ვრთავთ საკლასო ოთახს, გადავცემთ კუთვნილ სახელმძღვანელოებსა და კომპიუტერებს. სკოლის სახელითაც სამახსოვრო საჩუქრებს ვუკეთებთ პატარებს, რათა იგრძნონ, რომ ჩვენთვის ისინი​ მეტად ძვირფასები არიან და რომ  დიდი სიყვარულით ველოდებით. კეთილგანწყობას პატარები ყოველთვის გრძნობენ და სიხარულით და ჟრიამულით ერთვებიან სასწავლო პროცესში. ტრადიციულად, წელსაც ერთად ვიზეიმეთ სასწავლო წლის დაწყება, მივმართე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით, მივულოცე აკადემიური წლის დაწყება. დამრიგებლები მორთულ-მოკაზმულ კლასებში წარუძღვნენ მოსწავლეებს. ვიმედოვნებ მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვებიან სასკოლო ცხოვრების რიტმში და ბევრ წარმატებას მიაღწევენ“,-ამბობს არტურ ბალასანიანი და ამის თქმის საფუძველს პროფესიონალი მასწავლებლებით დაკომპლექტებული გუნდი აძლევს.

„18-ვე პედაგოგი მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა. ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მათ მაღალი დონის განათლება მისცენ. ამაზე მეტყველებს წლევანდელი კურსდამთავრებულების შედეგებიც, 7 კურსდამთავრებულიდან 6-მა ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში, აქედან 3 ოქროს მედალოსანი იყო, ორი საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში 100%-იანი დაფინანსებით ისწავლის, ოთხი კი ერევანში გააგრძელებს უმაღლესი განათლების მიღებას. ეს კი ნიშნავს, რომ სწავლების დონე ჩვენთან მაღალია, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დისციპლინასა და სწავლების ხარისხს. ჩემთვის, როგორც დირექტორისთვის ეს ორი კომპონენტი მთავარია“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი. 

30 წელია მომავალი თაობის განათლებას ემსახურება. როგორც დირექტორი ყველაფერს აკეთებს, რათა სკოლაში ჰარმონია სუფევდეს. 

„მე ეს სკოლა დავამთავრე და უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ კვლავ დავუბრუნდი მშობლიურ სკოლას.1996 წლიდან ვმუშაობდი პედაგოგად, 2010-13 წლამდე  კი - სასწავლო ნაწილად, 2013 წლიდან დირექტორად დავინიშნე. სკოლას თავისი ყველა სტრუქტურით და თავისებურებით კარგად და ზედმიწევნით ვიცნობ, ზუსტად ვიცი, რა უნდა გავაკეთო, რომ სკოლაში სრული ჰარმონია სუფევდეს, ეს კი დიდ ძალისხმევას და მოთმინებას მოითხოვს. მთავარია ხელმძღვანელის კეთილ დამოკიდებულებას გრძნობდეს როგორც მასწავლებელი, ისე მოსწავლეები. ხელმძღვანელმა ყველას უნდა მისცეს მოტივაცია და რაც მთავარია იყოს მათი მეგობარი. ასეთ დამოკიდებულებას მათი მხრიდანაც დაფასება და პატივისცემა მოსდევს. მე ვამაყობ ჩემი სკოლით და მაქვს კიდეც ამის მიზეზი“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი. 

სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სახელმწიფო ენის ხარისხიან სწავლებას. დირექტორის თქმით, მოსწავლეთა 99% კარგად ფლობს ქართულ ენას, რაც მათ სამომავლოდ საზოგადოებაში ინტეგრაციას მნიშვნელოვნად უადვილებს. 

„სკოლაში ქართულის სწავლებას დიდი ყურადღება ექცევა, უყვართ მოსწავლეებს ქართული ენა. ჩვენი სკოლის მოსწავლეთა 99% გამართულად საუბრობს და ფლობს სახელმწიფო ენას, ეს მახარებს, რადგან შემდგომში მათი ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია იცოდე იმ ქვეყნის ენა, რომლის მოქალაქეც ხარ“,- აღნიშნავს არტურ ბალასანიანი

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, დირექტორმა პირველკლასელებს წიგნის სიყვარული და სასწავლო შემართება უსურვა. 

„პირველკლასელებს სწავლისადმი მონდომებას და წიგნის სიყვარულს მოვუწოდებ, მინდა, რომ სასახელო ადამიანები გაიზარდონ, ჩვენ ამისთვის ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, ახალგაზრდა თაობას კი ვუსურვებ წარმატებას ყველა წამოწყებაში, სასიქადულო ადამიანებად ჩამოყალიბებას, რათა ასახელონ ოჯახი, სკოლა და ქვეყანა“,- ამბობს დირექტორი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203