
თბილისის N79 საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის დაწყებას საზეიმოდ შეხვდა.
დირექტორმა - ეკატერინე აბრამიშვილმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დღესასწაულად უქციეს. სათხუთმეტსექტემბროდ ლამაზად მოირთო სკოლა. საკლასო ოთახები გამორჩეულად მოკაზმეს დამრიგებლებმა.
ამ დღის გმირები ტრადიციულად პირველკლასელები იყვნენ, რომელთაც სკოლის კარი დიდი სიხარულით შეაღეს.
დირექტორმა - ეკატერინე აბრამიშვილმა სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ბავშვებს კვლავ დაუვიწყარ საგანმანათლებლო თავგადასავალს დაჰპირდა.
„ძვირფასო მასწავლებლებო, მოსწავლეებო და მშობლებო!!!
გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
დღეიდან განახლებული ენერგიით შევუდგებით ყოველდღიურ შრომას, ეს შრომა კი, როგორც თქვენი წინსვლის, ასევე ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და სიძლიერის საფუძველია.
განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს!!!
გისურვებთ სიხარულს, ბედნიერებას, მონდომებას, სიბეჯითეს, ცოდნის შეძენის დაუოკებელ წყურვილსა და გამარჯვებას! დიდი სიყვარულით!“,- ვკითხულობთ დირექტორის მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ თბილისის N79 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ამის ნათელი მაგალითია წლევანდელი მოსწავლეთა მიღებაც.