
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები დირექტორის, ლალი მელივას წარდგენით, საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდნენ.
ფონდ „ლაზარეს“ ინიციატივით, 2007 წელს დაიწყო მნიშვნელოვანი რეგიონული სამშვიდობო პროექტი - „ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში“. ეს პროგრამა ქართველ და სომეხ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, უკეთ გაიცნონ ერთმანეთი, დაუმეგობრდნენ და ხელი შეუწყონ მშვიდობიან თანაცხოვრებას რეგიონში.
ტრადიცია წლებია გრძელდება. მეგობრობა და ნდობა კიდევ უფრო ღრმავდება. 2025 წელს, 4-13 აგვისტოს, სომხეთის ეღეგისის რაიონში 40 ქართველი და სომეხი ახალგაზრდის მონაწილეობით მორიგი ახალგაზრდული ბანაკი გაიმართა.
საქართველოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლიდან პროექტში მონაწილეობდნენ მოსწავლეები - ცოტნე იარალიშვილი, ანდრია რუსია, მათე ხიდაშელი, ნატალი ქობელაშვილი, სანდრო კირკიტაძე, ქრისტინე ბროლაძე, ნიკოლოზ მახაშვილი და რეზი ახვლედიანი.
ათი დღის განმავლობაში ახალგაზრდები სწავლობდნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ, დგამდნენ წარმოდგენებს, ეცნობოდნენ ერთმანეთის ტრადიციებსა და კულტურას.
„ეს პროექტი არა მხოლოდ ახალი მეგობრობის საფუძველია, არამედ საუკუნოვანი მშვიდობიანი თანაცხოვრების გაგრძელება. მსგავსი აქტივობები კიდევ უფრო გააძლიერებს მეგობრობას და საფუძვლად იქცევა მდგრადი მშვიდობისთვის მთელ სამხრეთ კავკასიაში“,- აღნიშნავენ საქართველოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში.
პროექტი განხორციელდა შვეიცარიული ორგანიზაციის HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით.