სკოლა „ანაბასისში“ ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლის შექმნილი „ჭკვიანი ზარი“ დარეკავს - „ვუსურვებთ ლუკა მელაძეს უამრავ წარმატებას“
12-09-2025

ახალი სასწავლო წლიდან სკოლა „ანაბასისში“ ზარს მოსწავლის შექმნილი პროგრამა დარეკავს. „ჭკვიანი ზარი“ ლუკა მელაძის ნამუშევარია. 

ლუკამ სკოლა „ანაბასისში“ წარმატებით დაასრულა დაწყებითი საფეხური. როგორც „ანაბასისში“ აღნიშნავენ ის ყოველთვის გამოირჩეოდა კრეატიული და შემოქმედებითი აზროვნებით. დღეს კი თბილისის, კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის წარმატებული მოსწავლეა და არაერთი STEM-პროექტის აქტიური მონაწილე.

„განსაკუთრებული სიხარულით მივესალმეთ ლუკას ინიციატივას - სკოლაში „ჭკვიანი ზარის“ დამონტაჟებას. ეს იდეა არა მხოლოდ თანამედროვე და საჭირო გადაწყვეტილებაა, არამედ რამდენიმე არსებულ პრობლემასაც გადაჭრის:

აღარ იქნება საჭირო ზარის მორიგე;

გაკვეთილისა და დასვენების ხანგრძლივობა აღარ იქნება დამოკიდებული საათზე;

სასწავლო პროცესი უფრო ორგანიზებული და თანამედროვე გახდება“,- გვეუბნებიან სკოლაში და მოსწავლეს დიდ წარმატებას უსურვებენ და მადლობას უხდიან საინტერესო და საჭირო იდეის განხორციელებისთვის. 

„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ლუკას, რადგან ეს იდეა ჩვენთვის მისი მადლიერების გამოხატულება გახდა მშობლიური სკოლის მიმართ — იმ ცოდნისა და გამოცდილებისთვის, რაც მან სწორედ აქ მიიღო.

დღეს, ლუკას მიერ შექმნილი პროგრამა სრულად ფუნქციონირებს, და „ჭკვიანი ზარი“ უკვე ჩვენი სასწავლო გარემოს მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება ახალი სასწავლო წლიდან.

ვუსურვებთ ლუკას უამრავ წარმატებას, ახალი პროექტების განხორციელებას და დასახული მიზნების შესრულებას! ჩვენ კი სიამაყით ვამბობთ: „ჭკვიანი ზარი“ — ლუკას ნამუშევარია!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203