თბილისის N60 საჯარო სკოლაში კედლები და ჭერი დაბზარულია - რას აცხადებს დირექტორი
10-09-2025

5 დღეში ახალი სასწავლო წელი იწყება. სოციალურ ქსელში კი ვრცელდება კადრები, სადაც ნათლად ჩანს თბილისის N60 საჯარო სკოლის შენობაში არსებული ბზარები. 

აპირებენ თუ არა შეკეთებას? რა მდგომარეობაშია საგანმანათლებლო დაწესებულების შენობა სრულად? იქმნება თუ არა საფრთხე მოსწავლეებისთვის? - აღნიშნული კითხვებით etaloni.ge-მ სკოლის დირექტორს, შოთა მალაზონიას მიმართა.

„ეს ბზარები არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს“, - განაცხადა ბატონმა შოთამ და დასძინა, რომ სინკარის გადაბმებში გაჩენილი ნაპრალები სასწავლო პროცესს პრობლემას არ შეუქმნის:

„ეს ვიდეო, რომელიც გავრცელდა, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მიზანმიმართული ქმედებაა. არ ვიცი, ვის რაში დასჭირდა კადრების გადაღება... სინკარში გადამბმები რომაა, მანდ გაჩნდა. საფრთხეს არავისთვის წარმოადგენს, არც ბათქაში დაეყრებათ მოსწავლეებს... საქმის კურსშია განათლების სამინისტროც, ინფრასტრუქტურაც, გვაქვს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც“, - ასე აფასებს თბილისის N60 საჯარო სკოლის ხელმძღვანელი შენობის მდგომარეობას, ხოლო კითხვაზე: აპირებენ თუ არა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დაზიანებების შეკეთებას, გვპასუხობს, რომ „არაფრის შეკეთება არ იგეგმება“.

P.S. „უკაცრავად, ეს ბზარი აქ იყო?“ - თქვენც კლასიკადქცეული ფილმის ფრაზა გაგახსენდათ, ხომ? წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ და წარმოგიდგენთ ​ თბილისის N60 საჯარო სკოლის კედლების (არ)არსებული დაზიანების გავრცელებულ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებებს. 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203