ახალი სასწავლო წლის პირველი დღე მოსწავლის ოჯახს 300-500 ლარი უჯდება
10-09-2025

15 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი დაიწყება, რაც ნიშნავს - ახალ ჩანთას, ახალ სამოსს, ახალ საკანცელარიო ნივთებს, რაც არცთუ მცირე თანხებს უკავშირდება. გასაგებია, რომ ყველა ხარჯი გემოვნებასა და ოჯახის შესაძლებლობიდან გამომდინარეობს, თუმცა მოდი, ერთად ვნახოთ, რა ღირს საშუალო შეძლების მქონე ოჯახისთვის ერთი ბავშვის სასკოლედ მომზადება:

სასკოლო ჩანთების ფასები 35 ლარიდან იწყება და 300 ლარამდე მერყეობს იმის მიხედვით, როგორი კონსტრუქცია აქვს, ორთოპერდიულია თუ არა, ხუმრობით რომ ვთქვათ, შეუძლია თუ არა სკოლაში დამოუკიდებლად წასვლა-მოსვლა და 9 თავიანი დრაკონის მოკვლა - მოკლედ გააჩნია, რა ფუნქციები აქვს ჩანთას.

რაც შეეხება საკანცელარიო ნივთებს, აქაც იგივე პრინციპი მოქმედებს, თუმცა საშუალოდ აღნიშნული ნივთების ღირებულება 100-150 ლარს უტოლდება.

თუ ბავშვი საჯარო სკოლის მოსწავლეა, სახელმძღვანელოების ყიდვა მშობლებს არ უწევთ, მაგრამ კერძო სკოლებში რესურსები თავად უნდა შეიძინონ და ეს დამატებით მინიმუმ 200 ლარია.

ახლა ტანსაცმელი განვიხილოთ: ჯინსის შარვლის ღირებულება 50-100 ლარია, მაისურები - 25-35 ლარი ღირს, ფეხსაცმლის ღირებულება 50 ლარიდან იწყება და იქამდე ადის, სადამდეც ოჯახს სახსრები სწვდება.

ასე რომ საშუალოდ, მოსწავლის სასკოლედ მომზადება 300-500 ლარი ჯდება, ამას თუ დავუმატებთ პირველი სასწავლო დღისთვის ყვავილების საფასურს, გამოვა, რომ ერთი მოსწავლისთვის ახალი სასწავლო წლის პირველი დღე საკმაოდ მსუყე ხარჯებს უკავშირდება.

შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203