2025-2026 სასწავლო წლის პროგრამა დამტკიცდა - ვის ეხება მინისტრის ბრძანება
08-09-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით, განისაზღვრა 2025-2026 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა.

პროგრამის დაფინანსება

2025-2026 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა შეადგენს 45 000 ლარს.

სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2 250 ლარისა.

პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების უფლება აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე 2025 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა კი პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს, თუ იგი როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, არ არის შეყვანილი მაგისტრანტობის კანდიდატთა აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტში.

„მაგისტრანტები სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტს მოიპოვებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესით“ გათვალისწინებული საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგად მიღებული აბსოლუტური ქულის საფუძველზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახავენ იმავე ბრძანებით დამტკიცებული „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებით“ დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვრებს.

იმ შემთხვევაში, თუ ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ მაგისტრანტთა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დასაფინანსებლად საჭირო თანხის ოდენობა აღემატება ამ დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ოდენობას, დაფინანსება გაიცემა მაგისტრანტობის კანდიდატთა აბსოლუტური ქულით რანჟირების საფუძველზე უმაღლესიდან უმდაბლესისკენ“, - ნათქვამია დოკუმენტში.

თუ ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მაგისტრანტები თანაბარ აბსოლუტურ ქულას მოიპოვებენ და თანხა არ არის საკმარისი ყველა მათგანის დასაფინანსებლად, დაფინანსება არ გაიცემა.

განცხადების ფორმა იხილეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203