„ჩემს შვილს ერთი დღეც არ უვლია რეპეტიტორთან, თქვენმა შრომამ შედეგი გამოიღო“-ტყემლოვანის სკოლის კურსდამთავრებულის მშობლის მადლობის წერილი პედაგოგებს
05-09-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას აძლევს და მყარ საფუძველს უყრის, რომ სწავლა უმაღლეს სასწავლებელში წარმატებით გააგრძელონ. ამის ნათელი მაგალითია კოკა ნოზაძე, რომელმაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის უფასო ფაკულტეტზე წარმატებით ჩააბარა. 

კოკას რეპეტიტორებთან არ უვლია. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და ეროვნული გამოცდებით წარმატებით ჩააბარა. 

კოკა ნოზაძის მშობლისთვის შვილის წარმატება ყველაზე დიდი ბედნიერებაა. ახლახან, კურსდამთავრებულის მშობელმა ემოციური წერილი გააზიარა, რომელშიც შვილის წარმატებასა და პედაგოგების ღვაწლზე საუბრობს. ის შვილის მასწავლებლებს გულწრფელ მადლობას უხდის. 

მისი თქმით, შვილს არასოდეს უვლია რეპეტიტორთან, და მიუხედავად იმისა, რომ ბევრს უკვირდა სკოლის ცოდნით უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება, მასწავლებლების მიმართ ნდობა არასოდეს შერყევია. მშობლის ემოციური სიტყვები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მასწავლებლის როლს მოსწავლეთა ცხოვრებაში და ხარისხიანი სასკოლო განათლების მნიშვნელობას. 

„დღეს ემოციებით დატვირთული დღე მაქვს, შვილის წარმატება ყველაზე საოცარი რამ ყოფილა ცხოვრებაში. მთელი გულით გილოცავ ჩემო ბიჭო, სტუდენტობას ეს დღე ყოფილიყოს შენს ცხოვრებაში უდიდესი წარმატების საწინდარი.

არ შემიძლია საჯარო მადლობა არ გადავუხადო ტყემლოვანის საჯარო სკოლის მასწავლებლებს. ჩემს შვილს ერთი დღეც არ უვლია რეპეტიტორთან და როცა გამოცდებს აბარებდა მშობლებს უკვირდათ, როგორ შეიძლებოდა სკოლის ცოდნით უმაღლეს სასწავლებელში ჩაებარებინა, მაგრამ ერთი წუთითაც არ შემპარვია ეჭვი თქვენს პროფესიონალიზმში, მეამაყებით, მეიმედებით და გულწრფელ მადლობას გიხდით, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, დიდი სიყვარულით და თავდაუზოგავი შრომით მოამზადეთ ჩემი შვილი.

თქვენმა შრომამ შედეგი გამოიღო და დღეს კოკა ნოზაძე ტყემლოვანის საჯარო სკოლის ისტორიაში პირველი ოქროსმედალოსანი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის უფასო ფაკულტეტის სტუდენტია დარწმუნებული ვარ ჩემზე არანაკლებ გიხარიათ

უდიდესი მადლობა ყველას ვისაც თუნდაც მცირედი წვლილი აქვს შეტანილი ჩემი შვილის აღზრდასა და სწავლებაში. ტყემლოვანის საჯარო სკოლა მეამაყება“,- ვკითხულობთ კოკა ნოზაძის მშობლის წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203