„პედაგოგები ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რომ მოსწავლეებს ვასწავლოთ სწავლის, შრომის და ქვეყნის სიყვარული“ - თამარისის N1 სკოლის დირექტორი მაყვალა ხარაიშვილი
04-09-2025

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის N1 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს სრული მზადყოფნით ხვდება. 

წელს სკოლის კარს 25 პირველკლასელი შეაღებს. პატარებს სკოლის დირექტორი მაყვალა ხარაიშვილი და პედაგოგიური გუნდი დიდი სიყვარულით ელოდებიან. 

პირველკლასელები სასკოლო გარემოს უკვე გაეცნენ. როგორც დირექტორი აღნიშნავს, სკოლაში ტრადიციად იქცა ბაღის დამამთავრებელი ჯგუფის აღსაზრდელების მიწვევა, რათა მომავალი პირველკლასელები სასკოლო გარემოს გაეცნენ. 

„25 პირველკლასელს ველოდებით, სკოლაში ტრადიცია გვაქვს, ბაღის დამამთავრებელი ჯგუფის აღსაზრდელებს, რომლებიც ჩვენი სკოლის პოტენციური მოსწავლეები არიან მე-12 კლასის დამამთავრებელ ზეიმზე ვიწვევთ, ვათვალიერებინებთ სკოლას, კლასებს, ბიბლიოთეკას სპორტულ დარბაზებს, რომ შევუქმნათ განწყობა და შთაბეჭდილება, თუ სად მოდიან. სწავლის პირველ დღეს კი, ტრადიციულად, ვატარებთ გაცნობითი სახის ღონისძიებას, ბავშვებს მივმართავ სიტყვით, ვეცნობი, ვაცნობ პედაგოგებს და ვაძლევთ საშუალებას - თავი წარმოაჩინონ, ეს იქნება სიმღერა, ლექსი, ცეკვა თუ სხვა ნებისმიერი რამ, რაც მათ კარგად გამოსდით და უნდათ საზოგადოებას გაუზიარონ. შემდგომ შეგვყავს ლამაზად გაფორმებულ საკლასო ოთახებში, სადაც მერხებზე ხვდებათ მათთვის განკუთვნილი წიგნები და კომპიუტერები. ყოველთვის ვცდილობთ, ბავშვებს შევუქმნათ დადებითი ემოციები, ვიზრუნოთ მათ მოტივაციაზე და შევაყვაროთ სკოლა“,- აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბრისას მაყვალა ხარაიშვილი. 

დირექტორის თქმით, თითოეული მოსწავლე მისთვის შვილივით ძვირფასია და მათი დიდი მხარდამჭერი და გულშემატკივარი გახლავთ. წელს სკოლა 9 მოსწავლემ დაამთავრა, მათგან 6 სასურველ უნივერსიტეტში ჩაირიცხა, ეს შედეგი კი დირექტორისთვის სასიხარულოა, რადგან ასახავს იმ შრომას, რაც 12 წლის განმავლობაში პედაგოგებმა მათ სწავლა-განათლებაში ჩადეს. 

„6 კურსდამთავრებული სასურველ უმაღლეს სასწავლებელში წარმატებით ჩაირიცხა, რითაც ვამაყობთ და გვიხარია, რომ ის შრომა, რომელიც 12 წლის მანძილზე გავწიეთ დაგვიფასდა. თითოეული მოსწავლე შვილივით მიყვარს, წარმოიდგინეთ პატარა ადამიანები, რომლებიც მოდიან, გენდობიან და მთელი 12 წელი შენს თვალწინ იზრდებიან, რამდენად ძვირფასები და ახლობლები არიან -  გტკივა მათი ტკივილი და გახარებს წარმატება. ჩვენს სკოლაში ასეთი გულთბილი გარემო სუფევს, რაც ძალიან მეამაყება“,- გიყვება სკოლის დირექტორი მაყვალა ხარაიშვილი და ახარებს, რომ სკოლაში არსებული გარემო სიყვარულსა და ნდობას ეფუძნება - მოსწავლეთა წარმატება კი საერთო საამაყო მიღწევად მიიჩნევა. 

საბედნიეროდ, სკოლაში წლიდან-წლამდე მოსწავლეთა ნაკადი იზრდება, რაც სწავლების მაღალ ხარისხსა და სასწავლო დაწესებულებისადმი არსებულ ნდობაზე მიანიშნებს. 

„სკოლა იზრდება, გვემატება მოსწავლეები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სკოლაში მაღალი ხარისხის სწავლებაა, კვალიფიცირებული პედაგოგები ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რათა მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მივცეთ, ვასწავლოთ მათ სწავლის, შრომის და ქვეყნის სიყვარული“,- დასძენს სკოლის ხელმძღვანელი და ყველა ახალგაზრდას უსურვებს ისწავლოს, უყვარდეს თავისი ქვეყანა და გამოადგეს მას. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203