
მესტიის მუნიციპალიტეტის, ლატალის საჯარო სკოლა წლებია დგას მოსწავლეთა განათლების სადარაჯოზე. პედაგოგიური საზოგადოება კი, დირექციის მხარდაჭერით, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, პროფესიულ განვითარებას ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს და ამის დასტურია მასწავლებელთა მონაწილეობა სხვადასხვა მნიშვნელოვან კონფერენციაში.
ახლახან გერმანიაში, კერძოდ ჰამბურგში მოეწყო სასწავლო ვიზიტი, საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიის ხელმძღვანელობით. პროექტის მასპინძელი კი გახლდათ ჰამბურგის გიმნაზია.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ პროექტში მონაწილეობდა ლატალის საჯარო სკოლის ორი პედაგოგი - მადონა წერედიანი და ნანო გირგვლიანი.
ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ გერმანულ სწავლების მოდელს, დააკვირდნენ და ჩაერთნენ სასწავლო პროცესში, ჩატარდა კონფერენცია და მოხდა გამოცდილების გაზიარება; მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და როგორც სკოლაში გვიამბობენ, ქართველი მონაწილეები აღფრთოვანებული არიან მასპინეძლთა სტუმართმოყვარეობით, ასევე პროექტში მონაწილეობის შედეგად მიღებული გამოცდილებით.