განათლების მინისტრი და პრემიერი პირველკურსელებს სტუდენტობას ულოცავენ
26-08-2025

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. განათლების მინისტრი გივი მიქანაძე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველკურსელებს სტუდენტობას ულოცავენ:

„თითოეულს გილოცავთ მიღწეულ წარმატებას – მართლაც საამაყოა, რომ თქვენი ცოდნისა და შესაძლებლობის დემონსტრირებით დღეს დამსახურებული ადგილი დაიკავეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და სულ რამდენიმე კვირაში უკვე ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპს დაიწყებთ.

სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც მომავალში ქვეყნის მართვის სადავეები უნდა გადაიბაროთ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მინისტრმა სტუდენტთა მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, 11 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა საგრანტო დაფინანსება, რაც მათი შრომის, პედაგოგებისა და ოჯახის ძალისხმევის დაფასების თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს.

„უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ჩვენს ერთ-ერთ მთავარ საზრუნავს წარმოადგენს. ამის დასტურია სხვადასხვა ინიციატივა, რომლებსაც ვახორციელებთ, მათ შორის, სოციალური პროგრამა. მოგეხსენებათ, ყოველ წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ფინანსდება არაერთი სტუდენტი. აქ იგულისხმება სოციალურად დაუცველი ოჯახის წარმომადგენლები, მრავალშვილიანი – 4 და მეტი შვილი – ოჯახის წევრები, მაღალმთიან რეგიონებსა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდები და სხვა. ეს, კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან მომავალი თაობებისადმი და მათი ცოდნის გაღრმავების ხელშეწყობისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას“ – აღნიშნა მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „მინდა, ყველა პირველკურსელს მივულოცო ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება - სტუდენტობა. წარმატებული პროფესიული ცხოვრებისთვის პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია, დარწმუნებული ვარ, სწავლისა და განვითარებისთვის ძალ-ღონეს არც მომავალში დაიშურებთ და თქვენი სახით ქვეყანას არაერთი საუკეთესო პროფესიონალი შეემატება. გილოცავთ ყველას და წარმატებულ სტუდენტურ წლებს გისურვებთ“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203