მასწავლებლის სახლს ბერიკა შუკაკიძის მაგივრად, ეკატერინე ხუციშვილი უხელმძღვანელებს
21-08-2025

საქართველოს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი ეკატერინე ხუციშვილი წარუდგინა.

„ზოგადი განათლების განვითარება და რეფორმა სამინისტროს პრიორიტეტია. ამ მიმართულებით უაღრესად მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პედაგოგები ახალგაზრდა თაობების აღზრდით, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ მასწავლებლების კომპეტენციის ზრდა და მათი პროფესიული წინსვლის მხარდაჭერა დღეს ჩვენი მთავარი საზრუნავია.

ვთვლი, რომ ახალ ხელმძღვანელს მართლაც გამორჩეული გამოცდილება აქვს – მას განვლილი აქვს ყველა საფეხური, გახლდათ მასწავლებელი, სკოლის დირექტორი, რესურსცენტრის ხელმძღვანელი, 2017 წლიდან კი სამინისტროშია დასაქმებული, სადაც ის ზოგადი განათლების პოლიტიკის შექმნასა და განვითარებაში აქტიურად იყო ჩართული“, – განაცხადა გივი მიქანაძემ საუბრისას.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ეკატერინე ხუციშვილს განათლების სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. კერძოდ, 1991 წლიდან მუშაობდა მასწავლებლად, ხოლო 2007-2010 წლებში იყო საჯარო სკოლის დირექტორი, 2013 წლიდან რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი. წლების მანძილზე თანამშრომლობდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან, როგორც ტრენერი. 2017 წლიდან დღემდე კი მუშაობდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტში, რეგიონული მართვის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203