
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით კი სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობენ.
ახლახან, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - მანანა ჩინჩალაძემ მონაწილეობა მიიღო გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ გარემოსდაცვით კონკურსში - „მწვანე ჯილდო“, რომელშიც ჩართულნი იყვნენ პედაგოგები საქართველოს მასშტაბით (დაახლოებით 200 მასწავლებელი).
კონკურსი ორ ეტაპად წარიმართა, რის შემდეგადაც მანანა ჩინჩალაძე შეირჩა ათ საუკეთესო პედაგოგს შორის, გახდა ფინალისტი და მიიწვიეს დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც გაიმართა ქალაქ თბილისში 23 ივნისს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ღონისძიებას ესწრებოდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი.
მანანა ჩინჩალაძე დაჯილდოვდა ფულადი ჯილდოთი და სამახსოვრო საჩუქრებით. ასევე გახდა კომპანია „პოლიმერი-1“-ის რჩეული.
„ძალიან გვახარებს მანანა ჩინჩალაძის წარმატება. რადგან ჩვენი სკოლაც აქტიურადაა ჩართული გარემოსდაცვითი და მგრადი განვითარების მიზნების განსახორციელებელ აქტივობებსა თუ კონკურსებში, ქალბატონი მანანას ამ კონკურსში მონაწილეობა და ათეულში დგომა კი ამის ნათელი დადასტურებაა. ვულოცავთ, ქალბატონ მანანას ამ დიდ ჯილდოს და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს თავის მოსწავლეებთან და სასკოლო საზოგადოებასთან ერთად!“,- აღნიშნავენ სკოლაში.