მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები, დირექტორის - დავით ნაჭყებიას ხელმძღვანელობით, ყველაფერს აკეთებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცენ, დღეს კი მრავალწლიანი შრომის შედეგით ამაყობენ. სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და საამაყო შედეგები აჩვენეს.
წარმატებულ კურსდამთავრებულთაგან ერთ-ერთია, ანასტასია ხუსკივაძე, რომელმაც ინგლისური ენის გამოცდაზე 70-დან 68 ქულა მიიღო. მისი ინგლისური ენის მასწავლებელი იზოლდა დანელია გახლავთ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ანასტასია წარდგენილია ოქროს მედალზე, ხოლო საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის პორტატული კომპიუტერით დაჯილდოვდა.
სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ ანასტასიას ამ მნიშვნელოვან წარმატებას. ვულოცავთ აგრეთვე მის მშობლებს, გულშემატკივრებს, სასკოლო საზოგადოებას და ინგლისური ენის მასწავლებელს იზოლდა დანელიას, რომელთანაც ანასტასია ემზადებოდა საგამოცდოდ.
ამასთან, მადლობას ვუხდით მას სკოლის ღირსეულად წარმოჩენისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.