ძირითად სავალდებულო საგნებს სახელმწიფო ენა დაემატა - უმაღლესებს სილაბუსის წარდგენის ვადები განესაზღვრათ
13-08-2025

სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლის წესი დამტკიცდა, რომელიც ინტეგრირდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის სახელმწიფოენოვან საგანმანათლებლო პროგრამაში (კურიკულუმში) და მისი გავლა სავალდებულოა 2025 წლის 1 აგვისტოდან ჩარიცხული სტუდენტებისთვის.

კურსი  შედგება ოთხი ნაწილისგან:

ა) ზოგადი ნაწილი. ქართულ ენასთან დაკავშირებული ზოგადი საკითხები. ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორია. ქართული დამწერლობის წარმოშობისა და განვითარების ისტორია;

ბ) სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის პრობლემები.  რა არის სალიტერატურო ენის ნორმა? რა იწვევს ნორმათა დარღვევას? ნორმირების მნიშვნელობა, პრინციპები, თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ძირითადი ნორმები;

გ) სტილისტიკა. სტილისტიკის საგანი. ქართული ენის ფუნქციური სტილის საკითხები (სამეცნიერო, მხატვრული, პუბლიცისტური, საკანონმდებლო, სასაუბრო სტილები, მათი სპეციფიკა); პრაქტიკული სტილისტიკის ძირითადი საკითხები;

დ) ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია. ტერმინთშემოქმედება, დარგობრივი ტერმინოლოგიის საკითხები.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი, გარდა ქართული ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამებისა, შეყვანილი უნდა იყოს საუნივერსიტეტო სავალდებულო საგნების ჩამონათვალში. ქართული ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი შეყვანილი უნდა იყოს ძირითადი სავალდებულო საგნების ჩამონათვალში.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კი ვალდებულია სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის სილაბუსი, შემუშავებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, წარუდგინოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203