„ვიცოდით, რომ საუკეთესო შედეგებს დადებდნენ“ - სართიჭალის N3 სკოლაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულთა მიღწევებით ამაყობენ
07-08-2025

ერთიანი ეროვნული გამოცდების წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლიდან გამოცდებზე 7 კურსდამთავრებული გავიდა, რომლებსაც სკოლაში გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ. 

2024-2025 სასწავლო წელს სკოლა 26-მა მოსწავლემ დაამთავრა, აქედან 7-მა ჩააბარა ეროვნული გამოცდები, 6-მა კურსდამთავრებულმა კი უმაღლესი ქულებით გაახარა გულშემატკივრები. 

როგორც ჩვენთან საუბარში სკოლის დირექტორი თამილა გელაშვილი აღნიშნავს, სჯეროდა, რომ აბიტურიენტები მიღწეული წარმატებით გაახარებდნენ. 

„საოცრად ამაყი ვარ, რადგან საოცარი კლასი იყო, 5 მოსწავლე გვყავდა მედალოსანი აქედან 4 ოქრო და ერთი ვერცხლი. მართალია, ჩვენი სკოლა ქართულენოვანია, მაგრამ მხოლოდ სამი ბავშვი იყო ეთნიკურად ქართველი, დანარჩენი აზერბაიჯანელები სწავლობდნენ, ძალიან სასიხარულოა, ისიც, რომ სწორედ აზერბაიჯანელი 2 მოსწავლეა მედალოსანი, 1 ვერცხლის და მეორე ოქროს. კვალიფიციური პედაგოგების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. ძალ-ღონე არ დაგვიშურებია მათი განათლების ხარისხის ასამაღლებლად და დამეთანხმებით 5 მედალოსანი ბევრ სკოლას გაახარებდა. ვიცოდით, რომ საუკეთესო შედეგებს დადებდნენ. მინდოდა, დანარჩენ კურსდამთავრებულებსაც ეცადათ ბედი, მაგრამ ყველას თავისი არჩევანი და ცხოვრების მიზანი აქვს, ვუსურვებ მიაღწიონ თავისი მიზანს.

ჩემთვის ყველა მოსწავლე განსაკუთრებული და საყვარელია, ვუსურვებ მათ წარმატებას სწავლაში, ყველა ახალგაზრდას კი წინსვლას ცხოვრებაში ოჯახის, სკოლის და ქვეყნის სასახელოდ“,- აღნიშნავს დირექტორი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203