
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის საჯარო სკოლაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულთა წარმატებით ამაყობენ.
სკოლის პედაგოგები, დირექტორის - ლალი იარაჯულის ხელმძღვანელობით, ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცენ, დღეს კი მათი წარმატებით ხარობენ.
სკოლის ხუთივე აბიტურიენტმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა.
აღსანიშნავია, რომ ლაფანყურის საჯარო სკოლა მცირეკონტიგენტიანია, წელს 6-მა მოსწავლემ დაამთავრა სკოლა, მათგან 5 ეროვნულ გამოცდებზე გავიდა და ხუთივემ სასურველი შედეგები მოიპოვა.
დირექტორი ლალი იარაჯული ამაყია, რომ მის საგანში - ქართულში - ყველა კურსდამთავრებულმა მაღალი ქულები დაიმსახურა.
„სკოლაში პედაგოგები ყველაფერს აკეთებენ , რომ მოსწავლეებს საფუძვლიანი განათლება მისცენ, შეაყვარონ სწავლა და ეს კი ძალისხმევა დაფასდა. ჩვენი მოსწავლეები არცერთი არ ემზადება რეპეტიტორებთან ისე აბარებენ, ეს კი უზარმაზრი შრომის შედეგია“,- აღნიშნავს დირექტორი.
ახალგაზრდების დიდი გულშემატკივარი აბიტურიენტებს სასურველ უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფესიულ მიმართულებებზე ჩაბარებას უსურვებს.
„ყველა ჩემს მოსწავლეს და მთელს ახალგაზრდობას ვურჩევ დააფასონ სწავლა, უკეთ ისწავლონ უმაღლეს სასწავლებლებში ვიდრე სკოლაში, გამოიყენონ თავისი ნიჭი და შესაძლებლობა, მახარებს, რომ საოცრად ნიჭიერი და კარგი ახალგაზრდობა გვყავს და არ უნდა იზარმაცონ, რადგან ცოდნით ყველა მწვერვალის დაპყრობას შესძლებენ“,- დასძენს დირექტორი.
იხილეთ ფოტოები: