„ყოჩაღ ბიჭებო, მჯერა, გვასახელებთ“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა წარმატება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე
04-08-2025

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის დირექციისა და პედაგოგთა ინდივიდუალური, მოსწავლეთა საჭიროებებს მორგებული საგანმანათლებლო მიდგომა, პირდაპირ აისახება კურსდამთავრებულთა წარმატებაზე. ერთიანი ეროვნული გამოცდების მაღალი შედეგები ამის ნათელი დადასტურებაა.

კურსდამთავრებულებმა -  გიორგი მესხიამ, რეზი არველაძემ და გიორგი გველესიანმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველი ქულები მოიპოვეს. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია გიორგი მესხიას ქულები, მან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საოცარი შედეგები აჩვენა და მთელ სოფელს, სკოლას, მასწავლებლებსა და თანატოლებს დიდი სიხარული და სიამაყე მოუტანა.

  • კურსდამთავრებულმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში - 55 ქულა მოიპოვა;
  • უცხოურ ენაში - 63 ქულა;
  • ისტორიაში კი - 57 ქულა. 

აღნიშნული შედეგები კურსდამთავრებულის შრომისმოყვარეობისა და მიზანდასახულობის შედეგია. 

სკოლის დირექტორი ნანა ქარციძე ახალგაზრდებს გულმხურვალედ გულშემატკივრობს, ახარებს კურსდამთავრებულთა შედეგები და მათ სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას უსურვებს. 

„ჭალადიდის საჯარო სკოლის სახელით ვულოცავ  ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას  ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს -  გიორგი მესხიას, რეზი არველაძეს, გიორგი გველესიანს. ყოჩაღ, ბიჭებო, ცხოვრების ერთი ურთულესი ეტაპი უკვე გაიარეთ, წინ ახალი გამოწვევებია, მჯერა, აქაც გვასახელებთ. წარმატებები“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ნანა ქარციძე

აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე გამოაქვეყნა. დღეს კი გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეზენტაციო განაცხადების მიღება დაიწყო. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203