
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლაში ინოვაციური განათლების ხელშეწყობისა და საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციის მიზნით, STEAM კლუბი გაიხსნება, რომელსაც ბიოლოგიის მასწავლებელი ნატო მაკასარაშვილი გაუძღვება.
ნატო მაკასარაშვილმა უკვე წარმატებით გაიარა „STEAM განათლების“ პროექტის ყველა ეტაპი, 200 მასწავლებელს შორის მოხვდა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში - „მასწავლებელთა STEAM ბანაკში“ გადამზადებას გადის.
პროგრამის „STEAM განათლება“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სკოლებში საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიური და შემოქმედებითი მიმართულებების გაძლიერების მიზნით დაიწყო. აღნიშნულ პროგრამაზე დარეგისტრირდა 800-მდე მასწავლებელი. პირველ ეტაპზე მიმდინარეობდა ვებინარები, რომლის შემდგომ ტესტირების საფუძველზე შეირჩა 200 მასწავლებელი, რომლებიც მონაწილეობენ ბანაკში, სადაც შეისწავლიან STEAM კლუბების მართვის პრაქტიკულ საკითხებს.
პერევის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ნატო მაკასარაშვილი ბანაკში სწავლობს STEAM კლუბების მართვის პრაქტიკულ საკითხებს, ხოლო 2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლაში დააფუძნებს STEAM კლუბს.
სექტემბრიდან 200 სკოლას, მათ შორის, პერევის საჯარო სკოლას განათლების სამინისტრო გადასცემს STEAM ლაბორატორიას და კლუბის მუშაობისათვის საჭირო ნაკრებებს.