
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაწერილია სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, აკრძალულია მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება.
„შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსების გამოყოფა და ყველა სხვა ღონისძიების გატარება“.
დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტში სულ 900 სკოლამდელი ასაკის ბავშვია რეგისტრირებული, ტერიტორიაზე განთავსებულ 24 საბავშვო ბაღში შესაძლებელია 1200 ბავშვის სწავლება. დასაქმებულია 351 თანამშრომელი, მათ შორის 66 აღმზრდელი და 55 თანაშემწე.
„ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად იგეგმება: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგიის დახვეწა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სკოლამდელი ასაკი ბავშვების სკოლისთვის მზაობა: სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის (ეზო, შენობა, ინვენტარი და სხვა) განვითარება. ბაგა-ბაღების პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება.
ასევე ბაგა-ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, კვების ორგანიზებისა და რაციონის ნორმების დაცვა, ასევე ბაგა-ბაღებსა და გაერთიანების ადმინისტრაციაში დასაქმებული პერსონალის შრომითი პირობებისა და სახელფასო ანაზღაურების გაუმჯობესება“, - ნათქვამია დოკუმენტში.