„ჩვენს სკოლაში ხარისხიანი სწავლება და დისციპლინა სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია“-ნინოწმინდის N2 სკოლის დირექტორი არტიუშ სტამბოლციანი
30-07-2025

ნინოწმინდის N2 საჯარო სკოლის დირექტორი არტიუშ სტამბოლციანი საკუთარ მისიად განათლებული და ღირსეული მომავალი თაობის აღზრდას მიიჩნევს, ამისთვის კი სკოლაში ხარისხიან განათლებასა და პატივისცემაზე დაფუძნებულ გარემოს უზრუნველყოფს. უკვე ნახევარი საუკუნეა, რაც მომავალი თაობის განათლებას ემსახურება, 32 წელი კი სკოლას უდგას სათავეში. 

მისი ხელმძღვანელობით ნინოწმინდის N2 საჯარო სკოლა არის ცოდნის კერა, სადაც დისციპლინა, პროფესიონალიზმი და მოსწავლეებზე ზრუნვა უმთავრეს ფასეულობებია. 

საშუალო სკოლაში ამჟამად 309 ბავშვი ირიცხება, წელს დარეგისტრირებული 20 პირველკლასელის ჩათვლით, თუმცა სექტემბრისთვის პირველკლასელების დამატებას კიდევ ელოდებიან. 

წელს, მე-12 კლასი 12-მა მოსწავლემ დაამთავრა, მათ შორის 4-მა ექსტერნატის გამოცდები ჩააბარა. წლევანდელ დამამთავრებელ კლასშიც 6 ექსტერნის წესით გადასული მოსწავლეა. წელს სკოლა ოქროს მედალზე ერთმა მოსწავლემ დაამთავრა, შარშანაც ერთი ოქროსმედალოსანი გააცილეს სკოლიდან, სამი წლის წინ კი 6. 

„წლევანდელი 12 კურსდამთავრებულიდან 11 სწავლას უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელებს, სამი ერევანში მიიღებს უმაღლეს განათლებას, ერთი მოსკოვში, დანარჩენებმა ეროვნული გამოცდები ჩააბარეს. 

გვყავს 38 კვალიფიცირებული პედაგოგი, მათ შორის 3 წამყვანი მასწავლებელია. დანარჩენი კი - რამდენიმე პენსიონერი პედაგოგის გარდა, სტატუსიანი. ძალიან შეკრული და მოწესრიგებული პედკოლექტივია, რომლებიც ბავშვთა განათლებასა და მათ სულიერ აღზრდაზე არიან ორიენტირებულნი. მე 50 წელია ვმუშაობ სკოლაში, 32 წელი კი დირექტორი ვარ, ჩემთვის ხარისხიანი, უმაღლეს დონეზე სწავლება და დისციპლინა სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია და სხვანაირად არც შეიძლება. 

ჩვენი სკოლა რაიონში წამყვანია მოსწავლეთა მოსწრებისა და უნივერსიტეტებში ჩაბარების მხრივ, რაც უდაოდ საამაყოა. ეს კი დიდი ძალისხმევისა და შრომის შედეგია“,- აღნიშნავს დირექტორი. 

სკოლის ხელმძღვანელი ამჟამად აბიტურიენტებს გულშემატკივრობს და ახალგაზრდებს სასურველ უმაღლეს სასწავლებლებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაბარებას უსურვებს. 

„ყველა ახალგაზრდა მინდა იყოს ჯანმრთელი, მიზანსწრაფული. მინდა მათ ვუთხრა, რომ წარმატება სწავლითა და მუხლჩაუხრელი შრომით მიიღწევა. წარმატებები თქვენ ჩვენო საამაყო მომავალო თაობავ!“,- აღნიშნავს დირექტორი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203