„ხარისხიანი სწავლება, დისციპლინა და მეგობრული გარემოს შექმნა პრინციპულია ჩემთვის“ - ოკამის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს მღდესიანი
28-07-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის N2 საჯარო სკოლაში, დირექტორის - ოგანეს მღდესიანის ხელმძღვანელობით, შექმნილია ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებული გარემო, სადაც გათვალისწინებულია როგორ მოსწავლეთა, ისე მასწავლებელთა ინტერესები და საჭიროებები. 

სკოლის წარმატების ერთ-ერთ უმთავრეს საფუძვლად დირექტორი მეგობრულ და მაღალკვალიფიციურ პედაგოგიურ კოლექტივს ასახელებს. მისი თქმით, თანამშრომელთა პროფესიონალიზმი და გუნდურობა პირდაპირ აისახება სწავლების ხარისხზე - ამის ნათელი დასტურია ის ფაქტი, რომ სკოლის კურსდამთავრებულთა 93% წარმატებით აგრძელებს სწავლას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

მცირეკონტიგენტიან საშუალო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელს 30 მოსწავლე ისწავლის. 15 სექტემბერს სკოლის კარს ერთი პირველკლასელი შეაღებს, რომელსაც განათლებას პროფესიონალი პედაგოგები მისცემენ. 

„შარშან, 4 პირველკლასელი გვყავდა და მომავალ წელსაც ველოდებით, სამწუხაროდ, სკოლის შენობა არ გვაქვს და სხვა სკოლაში ვართ შეფარებულნი და მე-2 ცვლაში ვასწავლით. წელს დაიწყო სკოლის მშენებლობა და იმედია მალე დამთავრდება, რაც საშუალებას მოგვცემს მეტი მოსწავლე მივიღოთ. მე როგორც დირექტორმა სკოლა აღვჭურვო  ლაბორატორიებით და სკოლისთვის სხვადასხვა საჭირო ინვენტარით, მეტი შესაძლებლობა მივცეთ მოსწავლეებსაც და პედაგოგებსაც გააუმჯობესონ შედეგები“,- აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბრისას დირექტორი და დასძენს, რომ პედაგოგები ზრუნავენ პროფესიულ განვითარებაზე. 

„21 პედაგოგიდან მხოლოდ ორი არ არის სერტიფიცირებული, რომლებიც გამოცდაზე წელს გავიდნენ. იმედი მაქვს წარმატებით ჩააბარებენ გამოცდას. განსაკუთრებულად მეგობრული და მაღალკვალიფიციური კოლექტივი გვყავს და ეს მოსწავლეთა განათლების ხარისხზეც აისახება, რადგან ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულების 93 პროცენტი სტუდენტია და წარმატებით აგრძელებენ სწავლას“,- ამბობს დირექტორი. 

ოგანეს მღდესიანის მრავალწლიანი გამოცდილება და საქმისადმი ერთგულება კი სკოლაში ქმნის საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც უზრუნველყოფილია ხარისხიანი განათლება, მეგობრული გარემო და სამაგალითო დისციპლინა. 

„26 წელია განათლების სისტემაში ვარ, აქედან 1 წელი პედაგოგად 25 კი დირექტორად ვმუშაობ, სწავლა, დისციპლინა და მეგობრული გარემოს შექმნა პრინციპულია ჩემთვის, ვამაყობ ჩემი სკოლით“,- აღნიშნავს დირექტორი. 

წელს, სკოლას 5 კურსდამთავრებული ჰყავდა, ხუთივე უმაღლეს სასწავლებელში აბარებს. ოთხმა ეროვნული გამოცდები ჩააბარა, ერთი ერევანში აპირებს სწავლის გაგრძელებას. 

„ველოდებით შედეგებს და ვიმედოვნებთ, რომ ყველა მოხვდება სასურველ ფაკულტეტზე“,- აღნიშნავს დირექტორი და აბიტურიენტებს გულმხურვალედ გულშემატკივრობს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203