„კარგი შედეგები გვაქვს“ - ღადოლარის საჯარო სკოლის დირექტორი ახალ თაობას მოუთმენლად ელის, კურსდამთავრებულებს კი ბედნიერ მომავალს უსურვებს
23-07-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლაში, დირექტორის მ/შ ჰამბარცუმ მურადიანი უზრუნველყოფს ისეთ საგანმანათლებლო გარემოს, რომელიც გათვლილია მოსწავლეთა ინტერესებზე. მისი ხელმძღვანელობით პედაგოგები ყველაფერს აკეთებენ, რათა მოსწავლეებს მაღალი ხარისხის განათლება მისცენ და ქვეყანას ღირსეული, სამაგალითო მოქალაქეები აღუზარდონ. 

ღადოლარის საჯარო სკოლა საბაზოა. მას შემდეგ, რაც საბაზო საფეხურს მე-10 კლასი დაემატა, სკოლაში  42 მოსწავლე ირიცხება. 

„მახარებს, რომ მე-10 კლასიც დაგვემატა. საიდან გამომდინარეც წელს დამამთავრებელი კლასი არ გვყოლია. ძირითადად, ჩვენი სკოლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულების 90%  მეზობელი სოფელის საშუალო სკოლაში აგრძელებს სწავლას. მოსწავლეთა სიმწირის მიუხედავად, კარგი შედეგები გვაქვს, ჩვენი ყოფილი მოსწავლეების უმეტესობა თბილისისა და ერევნის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობს, რაც საამაყო და მისასალმებელია. ჯერ არ გვქონია ისეთი შემთხვევა, როცა ჩვენმა მოსწავლემ სწავლა შეწყვიტა ან უმაღლეს სასწავლებელში არ ჩააბარა, ბევრი მათგანი სწავლობს და თან მუშაობს. ასევე, გვყავს კურსდამთავრებულები, რომელთაც მომავალი ჩვენს სკოლას დაუკავშირეს და უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მშობლიურ სკოლას მასწავლებლის რანგში დაუბრუნდნენ და ახლა თავად ზრდიან მომავალ თაობას“,- აღნიშნავს დირექტორი. 

აღსანიშნავია, რომ ახალ სასწავლო წელს სკოლაში 4 პირველკლასელს ელოდებიან, რომელთა განათლებაზეც პროფესიონალი პედაგოგები იზრუნებენ. 

დირექტორი ახალ თაობას მოუთმენლად ელის, სკოლის კურსდამთავრებულებს კი ბედნიერ მომავალს უსურვებს. 

„​ჩემი დიდი სურვილია ქვეყანაში და მთლიანად მსოფლიოში მშვიდობა იყოს, ბავშვებს ლაღი ბავშვობა ჰქონდეთ, სტუდენტობაში შესაძლებლობა ისწავლონ კარგი მომავლისთვის და შემდგომ, ყოველი ახალი დღე ლამაზი და ბედნიერი ცხოვრებით დატკბნენ“,- დასძენს დირექტორი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203