
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ვლადიმიროვკის საჯარო სკოლაში, დირექტორის მ/შ სუსანნა ამაზარიანის ხელმძღვანელობით, შექმნილია მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემო. მიუხედავად იმისა, რომ სკოლა მცირეკონტიგენტიანია, პედაგოგები მაქსიმალურს აკეთებენ, რათა სასწავლო პროცესი გაამრავალფეროვნონ და მომავალ თაობას მისცენ სრულყოფილი განათლება.
ამჟამად სკოლაში 10 ბავშვი სწავლობს. დირექტორის მ/შ სუსანნა ამაზარიანის თქმით, გულდასაწყვეტია, რომ სკოლას არ ჰყავს ბევრი მოსწავლე, პირდაპირპროპორციულია სოფლის მოსახლეობის კლებასთან.
„წელს არ გვყოლია დამამთავრებელი კლასი და სამწუხაროდ არც პირველკლასელებს ველოდებით, თუმცა მომავალი წლიდან ველით პატარებს“,- აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბრისას დირექტორი.
სკოლის მოსწავლეები აკადემიური მოსწრებითა და სასწავლო შემართებით გამოირჩევიან.სკოლა საბაზოა, შესაბამისად საფეხურის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები სწავლას სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში აგრძელებენ, შემდეგ კი წარმატებით ირიცხებიან უმაღლეს სასწავლებლებში.
„ჩვენს სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მისაცემად, კომფორტული და სასიამოვნო გარემოა. მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ და იმარჯვებენ სხვადასხვა ოლიმპიადებში, რაც ჩვემთვის ძალიან სასიხარულოა. ვისურვებდი, ბევრი მოსწავლე გვყავდეს და ის შრომა, რასაც ჩვენ ვდებთ მათ სწავლა- განათლებაში გამოადგეს ჩვენს ქვეყანას და საზოგადოების კეთილდღეობას“,- აღნიშნავს დირექტორი.