„ეროვნულების მათემატიკის ტესტი, მისი კატასტროფული სპეციფიკიდან გამომდინარე, არ შეესაბამება ცოდნის შეფასებისთვის საჭირო კრიტერიუმებს“ - საგნის პედაგოგი
24-07-2025

ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების განსაკუთრებული უკმაყოფილება მათემატიკის ტესტირებამ გამოიწვია და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი გამოხმაურებები ყოველ წელს ახასიათებს მათემატიკის გამოცდას. პედაგოგი რომან თეთვაძე ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება. პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

მათემატიკის გამოცდიდან აბიტურიენტები უკმაყოფილოები გამოვიდნენ

მათემატიკის გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა

მათემატიკის ტესტის გარშემო ატეხილი (ტრადიციული) აჟიოტაჟის პასუხად:

ფაქტია, რომ სკოლა (უიშვიათესი გამონაკლისების გარდა) მოსწავლეს ვერ აძლევს საჭირო, თუნდაც მინიმალური დონის, განათლებას, ანუ სასკოლო ცხოვრება ფუჭი დროის კარგვაა მოსწავლისთვის!

ერთ (თუნდაც ორ) წლიანი მომზადება რეპეტიტორთან, არაა საკმარისი ღირსეული შედეგის მისაღწევად, რამეთუ გასულ წლებში (მერვე, მეცხრე, მეათე კლასებში) შესასწავლი მასალის თავის დროზე არ (ვერ) სწავლის გამო, მოზარდის ტვინი ადექვატურად, ასაკობრივ ცვლილებებთან შესაბამისად, ვერ განვითარდა (ვერ გაიზარდა) და წლების განმავლობაში დაგროვილი მასალის ათვისება ისევე ეფექტურად ვერ მოხდება!

აბიტურიენტებს არ აქვთ საგამოცდო გამოცდილება, ანუ საგამოცდო ემოცია აბსოლუტურად უცხოა მათთვის და ეს რათქმაუნდა მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას ახდენს მათი მუშაობის ხარისხზე!

მათემატიკის ტესტი, მისი კატასტროფული სპეციფიკიდან გამომდინარე, არანაირად არ შეესაბამება მათემატიკური ცოდნის გამოვლენისა და შეფასებისთვის საჭირო კრიტერიუმებს. ანუ, არ შეიძლება მათემატიკის ტესტში იყოს 37 დახურული ტიპის ტესტი (შემოსახაზი), ხოლო ღია ტიპის (ამოსახსნელი) კი მხოლოდ 4 ამოცანა, რამეთუ მათემატიკური ცოდნის გამოვლენა ამოცანის ამოხსნის პროცესის წარმოჩენაში ვლინდება!

ეს და სხვა კიდევ არაერთი ფაქტორი ახდენს გავლენას იმ კოშმარზე, რაც ყოველწლიურად ხდება და ისმის გამოცდების შემდეგ და განსაკუთრებით მათემატიკაში!!

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში მათემატიკური სკოლა სულს ღაფავს და ჩვენ, ჩვენი დუმილით ხელს ვუწყობთ ამ პროგრესირებად კატასტროფას!

დიახ, ჩვენ ჩვენი დუმილით ფაქტობრივი თანამონაწილეები ვართ მომავალი თაობის ინტელექტუალური გენოციდისა!

ვინც ამ ყველაფერს აპროტესტებთ, წუხხართ და ეძებთ გზებს გამოსავლის საპოვნელად, მადლობა თითოეულ თქვენგანს და ქედს ვიხრი თქვენს წინაშე!

P.S. და ბოლოს: ძვირფასო მშობლებო!

გთხოვთ, გაიაზრეთ, გაისიგრძეგანეთ საგანმანათლებლო სფეროში არსებული კატასტროფული მდგომარეობა და გახსოვდეთ რომ თქვენი დუმილით ფაქტობრივად ღუპავთ ყველაზე ძვირფასს, თქვენი შვილების მომავალს!

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203