ახალ, 2025-2026 სასწავლო წელს ქალაქ აბაშის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეები სასკოლო ფორმით გამოცხადდებიან. ბავშვები, ტრადიციული სასკოლო ფორმის ნაცვლად, ჯინსებსა და ღია ფერის მაისურებს მოირგებენ. ინიციატივა მოსწავლეთა თვითმმართველობას ეკუთვნის და მიზნად ისახავს სკოლაში კომფორტული გარემოს შექმნას. ერთნაირი რუხი ფორმების ნაცვლად მოსწავლეებს შეეძლებათ ჩაიცვან ჯინსები, ღია ფერის პერანგები და ასე გამოხატონ საკუთარი თავი.
სიახლის შესახებ ინფორმაციას სკოლა სოციალური ქსელის დახმარებით ავრცელებს.
„ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო!
2025- 2026 სასწავლო წლიდან ქალაქ აბაშის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს მოუწევთ მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ შემუშავებული სასკოლო ფორმით გამოცხადდნენ სკოლაში:
ღია ფერის ლურჯი ჯინსის შარვალი ან კაბა (არ უნდა იყოს დახეული ჯინსები ან ძალიან მუქი ან შავი), ღია ფერის მაისური ან პერანგი ( თეთრი, ღია ვარდისფერი, ცისფერი, ღია ყვითელი), ცივი ამინდებისთვის ჯინსის ქურთუკი.
თითოეულ მოსწავლეს ექნება სპეციალურად მათთვის დამზადებული გულსაბნევი, რომელზეც გამოსახული იქნება სკოლის გერბი.
ყველა მოსწავლე ვალდებულია სკოლაში გამოცხადდეს სასკოლო ფორმით.
მოსწავლეს გრძელი თმა უნდა ჰქონდეს შეკრულ მდგომარეობაში, გოგონები არ უნდა გამოცხადდნენ მაკიაჟით (გრძელი შილაკით და ზედმეტი სამკაულით).
ქალაქ აბაშის N1 საჯარო სკოლა ყველას ბედნიერ ზაფხულს და წარმატებულ ახალ სასწავლო წელს გისურვებთ“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც თვალსაჩინოდ ფოტოებიც ახლავს.
იხილეთ ფოტოები: