„პოსტი ეხება ყველას, ვინც კიუში (ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში) ჩაბარებას განიხილავს. დავიწყებ იმით, რომ ახლახან უნივერსიტეტმა ყოველგვარი გამოცხადების გარეშე (ჩანს როგორ ზრუნავს თავის სტუდენტებზე) გაზარდა კამპუსის ქირა 250-იდან 400 ლარამდე და 500 ლარიდან 800 ლარამდე , ასე რომ ჩაბარებამდე გაითვალისწინეთ, რომ პრაქტიკულად ორმაგის გადახდა მოგიწევთ“... - აღნიშნული პოსტი სოციალურ ქსელში გავრცელდა, რასაც სტუდენტები გამოეხმაურნენ.
etaloni.ge-სთან საუბარში ისინი აღნიშნავენ, რომ კამპუსის ქირის გაძვირებას ემატება სტიპენდიის გაცემის წესის ცვლილება და ვრცელდება იმ სტუდენტებზე, რომელთა აკადემიური მოსწრება - GPA 3.5-ია - შიდასაუნივერსიტეტო დაფინანსების მოპოვება და შენარჩუნება გახდა პრაქტიკულად შეუძლებელიო.
„სტიპენდიების გაცემის და შენარჩუნების კრიტერიუმები შეიცვალა და გახდა ფაქტობრივად მიუღწეველი აბსოლუტური უმრავლესობისთვის. (არანაკლებ 3.5 GPA არის საჭირო სტიპენტიის შენარჩუნებისთვის). სტუდენტების უმრავლესობას გვქონდა სტიპენდია საშუალო 75 ქულაზე, ორიენტირებული ვიყავით მის შენარჩუნებაზე და არ ვიყავით ინფორმირებულები შეცვლაზე და 3.5 GPA-მდე აწევაზე. დარწმუნებული ვარ ყველას გაქვთ ნანახი კიუს ბარათი, რომელიც ოქროს მედლის მფლობელებზე გაიცემა (ასი ლარი თვეში). ეს სტიპენდია მოიხსნა, დარჩა მხოლოდ სწავლის სრული დაფინანსება ოქროს მედლის შემთხვევაში“, - აღნიშნავს კიდევ ერთი სტუდენტი სოციალურ ქსელში და დასძენს, „კამპუსზე თუ მოხვდებით, ოთახის წინ შეიძლება დაგხვდეთ ვირთხა, მაცივარში - გაფუჭებული ხორცი და ნასკები. ოთახის დასუფთავებაში წლის ბოლოს გვახდევინებენ 15 ლარს, მაგრამ არამგონია რამეს ალაგებდნენ წინა მაგალითებიდან გამომდინარე. თუ ოთახში დაგხვდათ რაიმე დაზიანებული, ამაზე რომც განაცხადოთ ადმინისტრაციაში, წლის ბოლოს შესაძლოა მაინც თქვენ შეგეტენოთ და საგარანტიოს 250 ლარიდან ჩამოგაჭრან, რომელსაც წლის დასაწყისში ორი თვის ქირასთან ერთად გარიცხვინებენ“.
სტუდენტები ასევე აღნიშნავენ, რომ უნივერსიტეტს უცხოელი ლექტორებიც ტოვებენ.
ფაქტების დასაზუსტებლად და მეტი დეტალის გასარკვევად, etaloni.ge-მ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან დაკავშირება სცადა, თუმცა უშედეგოდ... თუ უნივერსიტეტის წარმომადგებლები განმარტების გაკეთებას გადაწყვეტენ, მათ პოზიციას უცვლელად შემოგთავაზებთ.