„მადლობა, რომ ზრუნავთ სკოლის მომავალზე“- თბილისის N28 სკოლაში სამეურვეო საბჭოს არჩევნები მშვიდ გარემოში, ხარვეზების გარეშე ჩატარდა
15-07-2025

14 ივლისს, თბილისის N28 საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა.

არჩევნებმა სკოლაში ხარვეზების გარეშე ჩაიარა, დაცული იყო ყველა საარჩევნო პროცედურა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სამეურვეო საბჭოს არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან ის უზრუნველყოფს სკოლის გამჭვირვალე, დემოკრატიულ და საჭიროებებზე მორგებულ მართვას.

სკოლაში მადლობას უხდიან ყველას ვინც არჩევნების წარმატებით წარმართვას შეუწყო ხელი. 

„მადლობა გვინდა გადავუხადოთ სკოლის ყველა წევრს - სამეურვეო საბჭოს საარჩევნო კომისიას, მშობლებს, მასწავლებლებს, ადმინისტრაციასა და მოსწავლეთა წარმომადგენლებს - ვინც აქტიურად ჩაერთო სამეურვეო საბჭოს არჩევნებში.

თქვენი ჩართულობა ამტკიცებს, რომ ერთად შეგვიძლია შევქმნათ უკეთესი გარემო ჩვენი მოსწავლეებისთვის - მადლობა, რომ ზრუნავთ სკოლის მომავალზე და იღებთ პასუხისმგებლობას მისი განვითარებისთვის!“- აღნიშნავენ სკოლაში. 

სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში შემავალ ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს. მის შემადგენლობაში შედიან მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის ერთი მოსწავლე.

ასევე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება აქვს სამეურვეო საბჭოში თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს.

საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს, სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. სამეურვეო საბჭოს არჩევნები სკოლებში სამ წელიწადში ერთხელ ტარდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...