„ტირილით გამოდიოდნენ ბავშვები... ამოიღეთ კამერის ჩანაწერები“ - ინგლისურის გამოცდის პირველი სესიის აპლიკანტები ტექნიკურ ხარვეზებზე საუბრობენ
09-07-2025

„ამოიღეთ ხმა, რუსთავში ინგლისურზე პირველი სესიის მეორე სექტორში ვინც იყავით, ხალხო. რესურსცენტრში მიდით, დაწერეთ განცხადება, დამატებითი სესია დანიშნონ. დასაკარგი 8 ქულა გაქვთ?!

დავრეკე და მითხრეს დრო აღარ გაქვთ დასაწერად იმ დღესვე უნდა დაგეწერათ განცხადებაო მაგრამ ნაეკმა მომწერა რომ 3 დღე მქონდა დრო. მიდით, დაწერეთ და მოგვარდეს ეს რაღაც მარტო ჩემთვის და ერთი ბავშვისთვის ვინ დანიშნავს დამატებთ სესიას?!“, - აღნიშნული პოსტი სოციალურ ქსელში, აბიტურიენტების ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელდა. ასევე ირკვევა, რომ აპლიკანტმა ცენტრს ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე მიმართა:

„გამარჯობა, რუსთავში ინგლისურის პირველ სესიაზე მეორე სექტორში მოსასმენი დავალების დროს დიდი გაუგებრობა მოხდა. დამკვირვებლებმა არ მოგვცეს საშუალება, დავალება სწორი პრინციპით, ჩვენთვის ნაცნობი წესით შეგვესრულებინა. 40 წამი, რომელიც კითხვებისთვის თვალის გადასავლებლად მოგვეცა, არ გამოგვაყენებინეს წესისამებრ, გვითხრეს მკაცრად, რომ არ გადავსულიყავით და არ გავცნობოდით ტესტურ დავალებას. ამ დროს დასრულდა პირველ ჯერზე მოსმენა და მეორე მოსმენა შემდეგ იყო ხარვეზებით. სექტორში ბავშვებს მოგვიწია დავალების ინტუიციით შესრულება, ემოციური ფონისა და ასეთი სტრესის გამო, სათანადოდ ვერ შევძელით ჩვენი შესაძლებლობები გამოგვევლინა. ტირილით გამოდიოდნენ ბავშვები, თუ არის საშუალება, რომ კამერის ჩანაწერები ნახოთ და მიიღოთ შესაბამისი ზომები (ვიყავით მედალოსნებიც და ჩვენთვის შედეგებს დიდი მნიშვნელობა აქვს)“.

როგორც განაწყენებული აბიტურიენტები იმავე პოსტის კომენტარებში აღნიშნავენ, ტექნიკური სპეციალისტის დახმარების შემდეგ ხმა გასწორდა, თუმცა მოსმენითი დავალება უკვე დაწყებული იყო, რის გამოც ტესტის შესრულებისას პრობლემები შეექმნათ.

არსებობს თუ არა გამოსავალი ამ სიტუაციიდან და რისი გაკეთება შეუძლიათ აბიტურიენტებს? - აღნიშნული კითხვით Etaloni.ge-მ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართა.

ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ ტექნიკურ აპელაციაზე განაცხადი იმავე დღეს უნდა შეეტანათ აბიტურიენტებს. რის შემდეგაც მოხდებოდა კამერების ჩანაწერების ამოღება და მოჰყვებოდა შესაბამისი რეაგირება. იქიდან გამომდინარე, რომ დრო გასულია, ახლა მათ შეუძლიათ განცხადებით მიმართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს.  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...