სასკოლო სასწავლო გეგმას ახალი კომპონენტი ემატება - ცვლილება ყველა სკოლას შეეხება
09-07-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის  მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა საჯარო სკოლის დირექტორებისა  და რესურსცენტრის წარმომადგენლებისთვის სემინარი გახსნა თემაზე – „სააღმზრდელო პროგრამის სასკოლო სასწავლო გეგმაში ინტეგრირება“.  

ორდღიანი სემინარის ფარგლებში შემუშავდება სკოლის საჭიროებებზე მორგებული სააღმზრდელო აქტივობების ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც ყველა სკოლისთვის  რეკომენდაცია გახდება.

თამარ მახარაშვილმა სემინარის მონაწილეებთან საგანმანათლებლო პროცესში აღზრდის კომპონენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა,  სწორედ  სკოლის დირექტორებმა  უნდა  შეძლონ სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის ჰარმონიზება ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სკოლის, როგორც ერთიანი ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირება. მისი თქმით, სამინისტრო ხელს უწყობს რესურსცენტრების ხელმძღვანელებსა და სკოლის დირექტორებს, ერთმანეთს პრაქტიკული რჩევები და გამოცდილება გაუზიარონ, რის საფუძველზეც ერთიანი სახელმძღვანელო  ჩარჩო დოკუმენტი შემუშავდება.

სემინარის პირველ დღეს,  მონაწილეებმა  ინფორმაცია მიიღეს სკოლის სააღმზრდელო პროგრამის დაგეგმვის,  მონიტორინგისა და შეფასების შესახებ, რამაც ხელი უნდა შეუწყოს სკოლებში სისტემური და მიზნობრივი სააღმზრდელო პოლიტიკის დანერგვას.

ორი დღის განმავლობაში, მონაწილეები ასევე იმსჯელებენ სასკოლო ცხოვრებაში სააღმზრდელო საქმიანობის მნიშვნელობაზე და სასწავლო გეგმაში სააღმზრდელო კომპონენტის ინტეგრირებაზე შეჯერდებიან. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...