ქვეყანა, რომლის განათლების სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავედ ითვლება, მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას, სულ უფრო მეტი მასწავლებელი იღებს გრძელვადიან შვებულებას ფსიქოლოგიური პრობლემების გამო.
2023-2024 წელს მასწავლებლების რაოდენობამ, რომელთაც შვებულება „ფსიქოლოგიური აშლილობის“ მიზეზით აიღო 7 119 შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ქვეყნის განათლების სამინისტრომ 20 ქალაქის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოკვლევა ჩაატარა. პედაგოგების უმეტესობა აცხადებდა, რომ მათი პრობლემები დაკავშირებულია მოსწავლეებთან (26,5%), კოლეგებთან (23,6%) და ადმინისტრაციულ საქმიანობასთან (13,2%).
გარდა ამისა, 260-მა მასწავლებელმა 788-დან, რომელებიც 2023-2024 წელს სამსახურიდან წავიდნენ, წასვლის მთავარ მიზეზად „ფსიქოლოგიური პრობლემები“ დაასახელეს.
აღსანიშნავია, რომ იაპონელი მასწავლებლების სამუშაო დატვირთვა ძალიან მაღალია - ხშირად ისინი დღეში 11 საათს მუშაობენ. 2023 წლის მონაცემებით, პედაგოგების დაახლოებით მესამედის ყოველკვირეულმა დატვირთვამ 60 საათზე მეტი შეადგინა, როდესაც კვირის ნორმა 38 საათი და 45 წუთია.
აღსანიშნავია რომ, იაპონიაში მასწავლებლებისთვის, ოფიციალურად, ზეგანაკვეთური სამუშაოს ლიმიტი არსებობს, ზეგანაკვეთური სამუშაო თვეში არ უნდა აღემატებოდეს 45 საათს, თუმცა, რეალობა განსხვავებულია, მასწავლებლები ხშირად თვეში ზეგანაკვეთურად 95 საათს აგროვებენ - ანუ თვეში 160-170 სამუშაო საათის ნაცვლად, ისინი დაახლოებით 260 საათს მუშაობენ. ეს ნიშნავს მუშაობას ფაქტობრივად უქმეების გარეშე და მართლაც, იაპონელი მასწავლებლები, ხშირად, კვირა დღეს სკოლაში ატარებენ - მაგალითად, ორგანიზება უკეთებენ კლასგარეშე ღონისძიებებს.
იმათი საქმიანობა ხშირ შემთხვევაში მხოლოდ სწავლებას არ გულისხმობს - მათ სხვადასხვა კლუბების, წრეებისა და სპორტული აქტივობების ხელმძღვანელობა უხდებათ. მათი სამუშაო მოიცავს მშობლებთან ინდივიდუალურ ურთიერთობებს, სხვადასხვა დოკუმენტების მომზადებას, ხშირად ითავსებენ ადმინისტრაციულ საქმეებსაც.
ამასთან, დიდია მასწავლებლის მიმართ საზოგადოებრივი წნეხი - ქვეყანაში მასწავლებელი არ არის მხოლოდ პედაგოგი, არამედ ის არის მენტორი, მრჩეველი, ფსიქოლოგი ...
მონაცემებზე საპასუხოდ, იაპონიის განათლების სამინისტრომ პირობა დადო, რომ მიიღებს ზომებს მასწავლებლების ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად, მათ შორის სკოლებში პედგოგთა რაოდენობის გაზრდით და სამუშაო დატვირთვის შემცირებით.