ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველი სესიიდან აბიტურიენტებმა გამოსვლა უკვე დაიწყეს.
აპლიკანტებმა etaloni.ge-სთან ისაუბრეს თუ რა საკითხები შეხვდათ გამოცდის I სესიაზე:
„გურამ რვეულიშვილის - „ასვლა“, ვაჟა-ფშაველას „ვედრება“ მოვიდა. რედაქტირება ცოტა უფრო რთული იყო, ვიდრე ველოდი“,- გვითხრა თბილისის N117 სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.
„რედაქტირების თემა არ მახსოვს, მაგრამ ვფიქრობ, რთული იყო, ვაჟა-ფშაველას ლექსი მოვიდა და ეგ დავწერე, თუ სწორად მახსოვს - „ვედრება“. ძალიან აღელვებული ვარ და მეტს ვერაფერს გეტყვით“,- გვითხრა სხვა აბიტურიენტმა.
„თეზისი იყო სიყვარულის გამო წინააღმდეგობის გადალახვაზე. რედაქტირება ძალიან მარტივი იყო, დინამოს შექმნაზე“,- აღნიშნა კიდევ ერთმა აპლიკანტმა.
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტით დაიწყო. გამოცდები 24 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს. ამჟამად, გამოსაცდელები ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტს წერენ. გამოცდა დღეს ორ სესიად ჩატარდება. მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.