3 ივლისიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დეტალურ ინსტრუქციას ავრცელებს და აქტუალურ კითხვებს პასუხობს:
რომელ საათზე უნდა მიხვიდეთ საგამოცდო ცენტრში?
ყველა აპლიკანტი ვალდებულია საგამოცდო ცენტრში გამოცხადდეს საგამოცდო ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას, რადგან დაგვიანების შემთხვევაში ისინი გამოცდაზე აღარ დაიშვებიან და გამოეთიშებიან საგამოცდო პროცესს.
რა არის გამოცდაზე დაშვების მთავარი პირობა?
გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა რეგისტრაციის დროს. რეგისტრაცია იწყება ბარათზე მითითებულ დროს და გრძელდება 1 საათის განმავლობაში.
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პირადობის მოწმობა დაგრჩათ?
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დარჩენის შემთხვევაში, თქვენ დაიშვებით გამოცდაზე, თუმცა თქვენი ნაშრომი გასწორდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარადგენთ პირადობის მოწმობას გამოცდის შემდეგ საგამოცდო ცენტრში კონკრეტულად თქვენთვის განსაზღვრულ ვადებში.
გამოცდაზე დროის გაკონტროლება თუ შეგიძლიათ?
ყველა სექტორში დაგხვდებათ საათი, შესაბამისად, გამოსაცდელებს ექნებათ საშუალება აკონტროლონ დრო. ასევე, გამოცდის დასრულებამდე 10 წუთით ადრე დამკვირვებელი შეგახსენებთ, რომ დროულად დაასრულოთ ტესტზე მუშაობა.
რისი შეტანა შეგიძლიათ გამოცდაზე?
სურვილის შემთხვევაში, გამოსაცდელს შეუძლია თან იქონიოს: წყალი პლასტმასის ბოთლით; საწერი კალამი შესაბამისი პარამეტრებით (გელიანი (ე. წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით). გამოცდაზე არ შეიძლება მობილური ტელეფონისა და ნებისმიერი ელექტრონული ხელსაწყოს, მათ შორის, გამორთულ მდგომარეობაში შეტანა. ზედმეტი ნივთების დატოვება შესაძლებელი იქნება ნივთების შესანახ სივრცეში.