დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა.
მათ შორის, არხილოსკალოს საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა: ანასტასია ხუციშვილმა, ანა ბუჩუკურმა, მაკა რაქვიაშვილმა და ნიკოლოზ ბუთხუზმა თავის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ზიზო ბურდულის, ხელმძღვანელობითა და მხარდაჭერით ბრწყინვალედ იასპარეზეს „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში!
ეს კონკურსი, რომელიც წელს უკვე მეთორმეტედ ჩატარდა „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ახალგაზრდებში წერილობითი კომუნიკაციის უნარების განვითარებასა და სააზროვნო კულტურის გაღრმავებას.
წელს მსოფლიო საფოსტო კავშირმა კონკურსის თემად შეარჩია: „წარმოიდგინე, რომ ხარ ოკეანე. მისწერე წერილი ადამიანს – რატომ და როგორ უნდა იზრუნოს შენზე“.
სკოლაში სიამაყით აღნიშნავენ, რომ მოსწავლეებმა გამოავლინეს განსაკუთრებული შემოქმედებითი ხედვა, ემპათია და გლობალური პასუხისმგებლობის განცდა, რაც ნათლად აისახა მათ ნამუშევრებში. მათი წერილები გამოირჩეოდა ემოციურობით, სიღრმითა და გარემოსდაცვითი ცნობიერებით, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები და საჩუქრად წიგნები – „სამაგიდო თამაშები“, რაც კიდევ ერთი ბიძგია მათი განვითარების გზაზე.
სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ახარებთ პედაგოგის მიდგომები.
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის ქალბატონ ზიზო ბურდულს — არა მხოლოდ საგნობრივი მხარდაჭერისთვის, არამედ იმ ინსპირაციისთვისა და სიყვარულისთვის, რაც ბავშვებს წარმატებისაკენ უბიძგებს!
ვულოცავთ ანასტასიას, ანას, მაკას და ნიკოლოზს ამ ღირსშესანიშნავ წარმატებას და ვუსურვებთ მათ არაერთ შთამბეჭდავ მიღწევას მომავალში!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: