საგამოცდო ცენტრებთან მიმავალი ავტობუსების მარშრუტები - ეროვნულები 3 ივლისს იწყება
2025 წლის 3 ივლისიდან 1 აგვისტომდე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრულ საგამოცდო პერიოდში, აბიტურიენტებისა და საგამოცდო პროცესში ჩართული პირებისთვის დამატებითი ავტობუსების მარშრუტები დაინიშნება.
საგამოცდო დღეებში, ავტობუსები საგამოცდო ცენტრებთან მისასვლელ მარშრუტებზე 06:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით მოემსახურებიან.
N39-ე, 175-ე, 177-ე, 199-ე საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსების მარშრუტები მგზავრებს ალექსანდრე გობრონიძისა და ვეკუას ქუჩების კვეთიდან (მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“- ის მიმდებარე ტერიტორია) მოემსახურებიან.
N147-ე საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან (ანზორ აბულაშვილის ქუჩა).
ხოლო N103-ე საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ „სამგორის“- ის ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან (კახეთის გზატკეცილი).
საგამოცდო პროცესი N39-ე, 103-ე, 175-ე, 177-ე, 199-ე საჯარო სკოლებში – 23 ივლისის ჩათვლით, ხოლო N147 საჯარო სკოლაში პირველ აგვისტომდე გაგრძელდება.