ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და აკადემიურ მიღწევებზე აისახება. სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს.
მათ შორის არიან - ნინი ბაგაევი და მირანდა ელიზაროვი, რომელთაც სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრეს.
ახლახან, ოქროსმედალოსნები კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დააჯილდოვა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ინიციატივით, 2025 წლის წარჩინებული მოსწავლეების რეგიონული მასშტაბის დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
ყვარელში, „ილიას ტბაზე“ გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს რეგიონის რვა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროს და ვერცხლისმედალოსანმა მოსწავლეებმა.
არეშფერანის საჯარო სკოლიდან წარდგენილი იყო ორი უნიჭიერესი გოგონა - ნინი ბაგაევი და მირანდა ელიზაროვი. მათ სასწავლო წელი ოქროს მედალზე დახურეს.
შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს - თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატმა - ირაკლი ქადაგიშვილმა, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა - დავით სონღულაშვილმა, პარლამენტის წევრმა - გელა სამხარაულმა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებმა. მათ შორის ჯონდო მდივნიშვილმაც. მიმდინარე წელს, კახეთის რეგიონის მასშტაბით, 420-მა მოსწავლემ დაამთავრა სკოლა წარჩინებით.
დაჯილდოების ცერემონია კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ინიციატივით, 2022 წელს პირველად ჩატარდა. ღონისძიებამ ტრადიციული ხასიათი მიიღო და წელს, უკვე მეოთხედ გაიმართა.
გიორგი ალადაშვილის ინიციატივით წარჩინებულ მოსწავლეებს ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადაეცემათ.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდა თაობისთვის სწავლისადმი მოტივაციისა და სტიმულის ამაღლება, მოსწავლეების მიერ მიღწეული წარმატებული შედეგების დაფასება და პოპულარიზაცია.
არეშფერანის საჯარო სკოლაში ახარებთ აღზრდილთა წარმატება და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყტობასა და ბედნიერ მომავალს უსურვებენ.
„წარმატებები ყველას და განსაკუთრებით ჩვენ ოქროს გოგონებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: