5 მნიშვნელოვანი რეკომენდაცია მათემატიკის გამოცდისთვის - NAEC-ის რჩევები აბიტურიენტებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს სთავაზობს მათემატიკის ჯგუფის მიერ მომზადებულ 5 მნიშვნელოვან რეკომენდაციას, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა საგამოცდო პროცესის დროს.
5 რჩევა აბიტურიენტებს - მათემატიკის გამოცდა
შეგახსენებთ, რომ საგამოცდო ტესტი შედგება 41 ამოცანისაგან. აქედან პირველი 37 ამოცანიდან თითოეულს თან ახლავს 4 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. ტესტის ამ ნაწილში თითოეული ამოცანა ფასდება 1 ქულით სწორი პასუხის მითითებისას, ხოლო 0 ქულით - არასწორი პასუხის შემთხვევაში;
ამოცანებში ოცდამეთვრამეტედან ორმოცდაერთის ჩათვლით, დადებითი შეფასების მისაღებად, საკმარისი არ არის მხოლოდ სწორი პასუხის მითითება - აუცილებელია ამოცანის ამოხსნის სრულად ჩაწერა. #38 და #39 ამოცანები ფასდება 3 ქულით, #40 და #41 ამოცანა ფასდება 4 ქულით. ტესტის მაქსიმალური ქულაა 51;
გაითვალისწინეთ, რომ საჭირო არ არის ამოცანის პირობის გადაწერა - მუშაობა შეგიძლიათ პირდაპირ ამოხსნით დაიწყოთ, ამით დაზოგავთ დროსაც და ადგილსაც პასუხების ფურცელზე;
ყურადღებით გაეცანით საგამოცდო პროგრამას. არ შეგხვდებათ არც ერთი ის საკითხი, რომელიც პროგრამაში არ არის მოცემული;
არ სწორდება შავი ფურცლები. ამიტომ თქვენი მუშაობის შედეგი ზედმიწევნით უნდა გადმოიტანოთ პასუხების ფურცელზე კონკრეტულად ამ დავალების პასუხისათვის გამოყოფილ ადგილას.