რუსთავის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ცოდნის ზეიმი და ემოციური გამომშვიდობება პირველ მასწავლებლებთან
25-06-2025

„მოსწავლეებისთვის სკოლა მეორე სახლია, ხოლო პირველი მასწავლებელი - მეორე მშობელი - სწორედ ამ განცდებით და ბავშვური გულწრფელობით ჩატარდა რუსთავის N3 სკოლის III „ა“ და „ბ“ კლასების გამოსამშვიდობებელი ღონისძიებები. 

ფერადი ღონისძიებები სიხარულითა და ემოციით იყო სავსე. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ - ერთმანეთს ცვლიდა ლექსები, სიმღერები, ცეკვები და იუმორისტული ნომრები.

მოსწავლეები გამოემშვიდობნენ პირველ მასწავლებლებს -  იმ ადამიანებს, რომლებმაც ცოდნის გზა დაუსახეს, ასწავლეს ანბანი, ანგარიში... 

მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და მასწავლებლები სიამაყით აღავსეს

როგორც სკოლაში გვიყვებიან, თითოეულმა გამოსვლამ მასწავლებლებს თვალზე ცრემლი მოჰგვარა - ეს იყო ყველაზე თბილი მადლობა, რაც კი შეიძლებოდა ბავშვს გულიდან მოდენილი სიტყვით გამოეხატა.

სცენაზე გასულმა ბავშვებმა ცელქობით, სუფთა ემოციებითა და იუმორით გამოხატეს ის სინანული, რაც პირველი ეტაპის დასრულებას ახლავს – წარსული სამი წელი ერთ წამში გადაეშალათ მოგონებების სახით, თუმცა ამავე დროს იმედით შეხვდნენ ახალ ეტაპს – IV კლასში გადასვლას და ახალი დამრიგებლის გაცნობას. ღონისძიებაზე არც სკოლის დირექტორი და სხვა მასწავლებლები დავიწყებიათ. პატარებმა მათ მადლობა გადაუხადეს მათ განათლებაში ჩადებული შრომისა და ზრუნვისთვის.

„თითოეული სიტყვა გულიდან მოდიოდა – პატივისცემა, სიყვარული და მადლიერება იგრძნობოდა თითოეულ გამოხედვაში და ჟღერდა თითოეულ სიმღერასა და ლექსში“,- გვიყვებიან სკოლაში. 

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სკოლის საპატიო სტუმრები, საბავშვო ბაღის დამამთავრებელი ჯგუფის ბავშვები.  “მესამელებმა” მომავალ პირველკლასელებს გოგებაშვილის “დედა ენა” გადაულოცეს. 

დარბაზში სუფევდა საზეიმო განწყობა – მაყურებელმა ზღაპრული სანახაობით ბავშვების სამყაროში გადაინაცვლეს, სადაც ბევრი ფერი, სითბო და სიყვარულია.

„ეს დღე დარჩება ყველას მეხსიერებაში – როგორც ბავშვების ნათელი, ლამაზი, გულისხმიერი გამოსამშვიდობებელი თავგადასავალი, რომელიც მათი ცხოვრების გზაზე პირველ მნიშვნელოვან ეტაპს ასრულებს.

ამ დღეს III კლასელები გამოემშვიდობნენ პირველ მასწავლებლებს და დიდი შემართებით გადადიან შემდეგ კლასში. კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ჩვენს სანაქებო მასწავლებლებს, ირმა გელაშვილსა და ვერა დოლიძეს ასეთი კარგი მოსწავლეების აღზრდისთვის“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო2

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...