
ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, გონებრივი, სულიერი და ფიზიკური აღზრდის გზით ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ფორმირება, სპორტული ტრადიციების დაცვა, გაღრმავება, თაობათა შორის მემკვიდრეობითობის უწყვეტობა გარდაბნის მუნიციპალიტეტის, ფოლადაანთკარის საჯარო სკოლის კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
გარდა იმისა, რომ სკოლაში მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან განათლებას, პედაგოგები მაქსიმალურად ცდილობენ ბავშვების ხელშეწყობას სპორტის მიმართულებით და ამის დასტურია „მხიარული სტარტები“, რომელშიც ადგილობრივი მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ.
სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, ერთმანეთს მოხერხებულობაში, ფიზიკურ მომზადებაში შეეჯიბრნენ, იყო გამამხნევებელი შეძახილები, დიდი ჟრიამული, ფერადი ბუშტები და ნამდვილი დღე-სასწაული, რომელიც მოსწავლე-მასწავლებლებს დიდხანს ემახსოვრებათ.