სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ძველი ანაგის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება თავს არ ზოგავს, რათა ახალგაზრდებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, განვითარდნენ, შეიძინონ საჭირო უნარები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გამოადგებათ და იყვნენ წარმატებულები... სწორედ ამ ჰოლისტური მიდგომების გათვალისწინებით, ადგილობრივი მოსწავლეებისთვის სკოლა არა მხოლოდ ცოდნის ტაძარი, არამედ მეგობრობისა და გულწრფელი ურთიერთობების საწყისია.
ბავშვები დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში და აქტივობებშიც მონაწილეობენ.
სასწავლო წლის დასასრულს, V კლასის ხელმძღვანელმა მადონა ბეგიაშვილმა, მშობლების ჩართულობით, შთაბეჭდილებებით დატვირთული მოგზაურობა მოუწყო მოსწავლეებს - შემეცნებით-გასართობი ექსკურსიის მარშრუტი გახლდათ მარტყოფი-ჩარგალი-ფასანაური-ბაზალეთის ტბა-ისთ ფოინთის გასართობი ცენტრი.
გასვლითი აქტივობა ისტორიული ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა: მოსწავლეებმა მოინახულეს მარტყოფის მონასტერი, სადაც გაეცნენ სასულიერო მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ამბებს; ანანურის ციხე-სიმაგრე - საქართველოს ფეოდალურო ეპოქის სტრატეგიული მნიშვნელობის ერთ ერთი ცენტრი.
საბუნებისმეტყველო გარემოს შესწავლა-დაკვირვების ფარგლებში, ფასანაურში მოსწავლეებმა იხილეს შავი და თეთრი არაგვის შერწყმა – უნიკალური ჰიდროლოგიური მოვლენა, რომელიც სასიამოვნო გამოცდილებასთან ერთად დაეხმარა მათ ბუნებრივი პროცესების უკეთ გაგებაში. ასევე, ბაზალეთის ტბაზე ყოფნამ ხელი შეუწყო წყლის ეკოსისტემის, ლეგენდებისა და ლანდშაფტის გააზრებას.
ლიტერატურული მემკვიდრეობის გაცნობას ემსახურებოდა ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას მუზეუმში სტუმრობა - მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, საკუთარი თვალით ეხილათ პოეტის ცხოვრება, კუთხური ყოფა და მისი შემოქმედების შთამაგონებელი გარემო.
სოციალური და ემოციური უნარების განვითარებას კი დაეხმარა ერთობლივი მგზავრობა, დაკვირვებები და თამაშები ჯგუფებში, რამაც ასევე ხელი შეუწყო გუნდურობას, პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღელებასა და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას.
დღის ბოლოს ბავშვებმა ისთ ფოინთის გასართობ ცენტრში სასიამოვნოდ და მხიარულად გაატარეს დრო, რაც მნიშვნელოვანი იყო მათი ემოციური განტვირთვისთვის და სასწავლო წლის პოზიტიური დასასრულისთვის.
„ეს ექსკურსია იყო მნიშვნელოვნად გამდიდრებული როგორც საგანმანათლებლო, ისე ქცევითი და ემოციური გამოცდილებით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.