მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მათ მიღწევებზე აისახება. სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს.
ამჯერად, კი სკოლაში ირინა ფარჯიანის წარმატებას აღნიშნავენ. სკოლის კურსდამთავრებული ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროგრამის ფარგლებში, სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროექტით, სლოვაკეთში გაემგზავრება.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ირინა ისწავლის და იმუშავებს ადგილობრივ ორგანიზაციაში, აუტისტური სპექტრის მქონე ახალგაზრდებთან. მისი მიზანი უცხოეთში მიღებული გამოცდილების სამომავლოდ საქართველოში გამოყენებაა.
სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„უამრავ წარმატებას და დასახული ყველა სხვა მიზნის მიღწევას ვუსურვებთ ჩვენს წარჩინებულ მოსწავლეს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და კურსდამთავრებულს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.