ქუთაისის N12 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება თავს არ ზოგავს, რათა ახალგაზრდებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლ;ება, განვითარდნენ, შეიძინონ საჭირო უნარები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გამოადგებათ და იყვნენ წარმატებულები... სწორედ ამ ჰოლისტური მიდგომების გათვალისწინებით, ადგილობრივი მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან საგანმანათლებლო პროექტებში და მიღწეული შედეგებით სიამაყის საფუძველს აძლევენ მშობლიურ სკოლას.
ახლახან ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში გამართულ მორიგ საჯარო ლექციას დაესწრნენ, თემაზე: „გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებები“.
აღსანიშნავია, რომ ლექცია წაიკითხა საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა გზირიშვილმა და როგორც სკოლაში გვიამბობენ, ეს უკვე მესამე ლექციაა, რომელსაც დიდი ინტერესით ისმენენ მოტივირებული მოსწავლეები.
ინფორმაციისთვის: 14 თებერვალს ბავშვები ესწრებოდნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას ლექციას თემაზე: „რატომ უნდა დავიცვა სამართალი? - სამართლებრივი კულტურის განვითარების ტენდენციები საქართველოში‘‘;
7 მარტს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის ასოცირებული პროფესორის, საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის ია მოსაშვილის ლექციას თემაზე: – „როგორ ფიქრობს თქვენი ტელეფონი?“ .
ბავშვები აქტიურად ერთვებოდნენ ლექციების შემდეგ გამართულ დისკუსიებში და საპატიო პრიზიც დაიმსახურეს.