„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პარლამენტს კანონპროექტი წარედგინა, რომლის ავტორები და ინიციატორები გივი მიქანაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი სოსიაშვილი არიან.
დოკუმენტში საუბარია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ლიკვიდაციაზე, მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან.
„2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, მიმდინარეობს მნიშვნელოვანი რეფორმა ზოგადი განათლების მიმართულებით, რაც მიზნად ისახავს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და მოსწავლეების თანაბარი განვითარების ხელშეწყობას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მთელი ქვეყნის მასშტაბით სასკოლო ინფრასტრუქტურის გამართულობას, რისთვისაც ზემოხსენებული პროგრამითვე გათვალისწინებულია 500-ზე მეტი საჯარო სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ განხორციელებული საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში გამოიკვეთა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის ერთიანი მიდგომის დამკვიდრების მიზანშეწონილობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამშენებლო სამუშაოების განხორციელების პროცესის ერთიანობა. შესაბამისად, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ფუნქციები მათი შინაარსის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია გადანაწილდეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის, მათი კომპეტენციების გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ლიკვიდაციით და საქართველოს მთავრობის აღნიშნული დაწესებულების უფლებამონაცვლის განსაზღვრისა და შესაბამისი უფლებამოსილებებით აღჭურვის დავალებით შეიქმნება სამართლებრივი საფუძველი, რაც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობის მასშტაბური პროგრამის განხორციელების ერთიანობას“, - ასე განმარტავენ კანონპროექტის ავტორები ცვლილების აუცილებლობას.
„წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, განხორციელდება სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ლიკვიდაცია, 2025 წლის პირველი სექტემბრიდან. ამასთანავე, საქართველოს მთავრობა, ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოფს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლე შესაბამისი უწყებების განსაზღვრას და მათთვის შესაბამისი უფლებამოსლებების გადაცემას“, - ნათქვამია დოკუმენტში.